ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი ირაკლი ჩიხლაძეა

ცნობილია 30 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი ადამიანის ვინაობა - ის „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“- დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

„სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“ ძირითადად საზოგადოებრივი დისკუსიებისა და ე.წ. „სამოქალაქო მოსმენების“ ორგანიზებით იყო ცნობილი, განსაკუთრებით კონფლიქტებთან და რეგიონულ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე

სხვადასხვა დროს იყო რეგიონებში გამართული შეხვედრების ინიციატორი - მაგალითად, 2015 წელს, გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ სწორედ მისი ორგანიზატორობით გაიმართა სამოქალაქო მოსმენა.

იმავე წელს, მათივე ორგანიზებით ერევანში შეხვდნენ ერთმანეთს ქართველი, ოსი და აფხაზმა ჟურნალისტები სამომავლო თანამშრომლობის პროექტებზე სასაუბროდ.

ირაკლი ჩიხლაძე აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა.

როგორც მისმა მეუღლემ, მაია ნებიერიძე, უთხრა ტვ პირველს, მისი მეუღლე იყო რედაქტორიც, თარჯიმანიც, ჟურნალისტიც და მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდა.

სუს-ში გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოებს უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ დაკავებულს ბრალად ედება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.

მათივე ცნობით, დაკავებული ონლაინ პლატფორმის საფარით მართავდა მართავდა „სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს“.

ასევე ნახეთ

ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული

ორი საათით ადრე სუს-ში გამართულ კიდევ ერთ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ამავე ბრალდებით დააკავეს „ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი, რომელსაც ერთდროულად ორი ქვეყნის აგენტობაში ედება ბრალი.

ეს ადამიანი გულბაათ რცხილაძე აღმოჩნდა, პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დირექტორი.

ორივე ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისიწნებს პატიმრობას 8-დან 12 წლამდე.

ასევე ნახეთ

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა

ასევე ნახეთ

„ევროპის ჯაშუშის“ საიდუმლო საქმე - ვისთვის რას ნიშნავს უძილაურის დაკავება?