Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სხვა ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

სუს-ის უფროსის მოადგილის, ლაშა მაღრაძის განმარტებით, დაკავებულს ბრალად ედება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.

სუს-ის განცხადებით, ბრალდებული, ჟურნალისტებთან და ექსპერტთა წრეებთან პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, სისტემატურად მოიპოვებდა და გადასცემდა სადაზვერვო ინფორმაციას. ხოლო შეხვედრები, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებითა და სხავდასხვა ადგილას, წინასწარ შეთანხმებული პირობების მკაცრი დაცვით.

„გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის, მეზობელ ქვეყნეში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარებუს შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო ინფორმაციას“.

სუს-ში აცხადებენ, რომ დაკავებული ონლაინ პლატფორმის საფარით მართავდა მართავდა „სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს“.

ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისიწნებს პატიმრობას 8-დან 12 წლამდე.

ორი საათით ადრე სუს-ში გამართულ კიდევ ერთ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ამავე ბრალდებით დააკავეს „ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი, რომელსაც ერთდროულად ორი ქვეყნის აგენტობაში ედება ბრალი.

ეს ადამიანი გულბაათ რცხილაძე აღმოჩნდა, პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დირექტორი.

საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე, მაისის დასაწყისში, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანსაც - წარსულში ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG