Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა

გულბაათ რცხილაძე
გულბაათ რცხილაძე

ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა, პრორუსული ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სუს-მა დაუდასტურა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს კითხვას, რომელია ის ორი ქვეყანა, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა.

ევრაზიის ინსტიტუტი ხშირად აწყობდა კონფერენციებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. ერთ-ერთი მათგანი 2024 წელსაც ჩატარდა სახელწოდებით - "საქართველოს დაბრუნება რუსეთის იმპერიაში - ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ".

"აი, ფაქტის" ცნობით, გულბაათ რცხილაძის ორგანიზაციას, 2020 წლიდან აფინანსებს 2023 წელს, აშშ-ს მიერ დასანქცირებული რუსული “პრავფონდი”, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან მუშაობს.

ამავე გამოცემის ცნობით, პრორუსული განწყობებით ცნობილ გულბაათ რცხილაძეს საქართველოში რეგისტრირებული აქვს სულ ოთხი ორგანიზაცია: "ევრაზიის ინსტიტუტი", "კავკასიური თანამშრომლობა", "სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთის" და "საქართველოს უკვდავი ჯარი".

და როგორც "აი, ფაქტი" წერს, მისი ორგანიზაციების აქტივობებია: მსვლელობების, ტრენინგების, შეკრებების ორგანიზება, ლიტერატურის ბეჭდვა და უფასო დარიგება. რცხილაძე უდგას სათავეში 9 მაისს გამართული “უკვდავი ჯარის” მსვლელობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს.

გულბაათ რცხილაძემ 2008 წელს დააფუძნა ინტერნეტგამოცემა „პოლიტფორუმი“, რომელიც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა და რუსეთის ოფიციალურ ვერსიას იმეორებდა.

სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ, 30 მაისს გამართულ ბრიფინგი განაცხადა, რომ ბრალდებული „მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით“, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და მათ სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას გადასცემდა.

ლაშა მაღრაძეს არ დაუსახელებია, რომელ ორ ქვეყანაზეა საუბარი.

მან თქვა, რომ დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან „მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირციული ხასიათის სისტემატიური კონტაქტი“ ჰქონდა და ინფორმაციას გადასცემდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით:

„შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის გარეთაც. ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებით და დაფინანსებით შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას“.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1 ნაწილით , რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც მოგვიანებით რცხილაძუს ადვოკატმა ლაშა გოლუბიანმა განაცხადა, გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, გულბაათ რცხილაძისთვის უცნობი იყო მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახევ. ის დაკავებამდე გამოკითხვაზეც არ დაუბარებიათ.

"საქმის დეტალებზე ვერ გესაუბრებით, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი. ბრალს ბუნებრივია, არ აღიარებს, სასამართლო განხილვებზე შევეცდებით სიმართლე დავამტკიცოთ. ეს ადამიანი საჯარო ფიგურა იყო, კონფერენციებს მართავდა, „ობიექტივზეც“ გადაცემა მიჰყავდა, თავის საქმიანობის შესახებ ყველაფერს საჯაროდ ჰყვებოდა, არც წვდომა ჰქონდია საიდუმლო ინფორმაციასთან და მისი საქმიანობა ჯაშუშური ქმედება რანაირად გამოდის?“, - განაცხადა გოლუბიანმა.

კითხვაზე, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან თუ არა მას, ადვოკატი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

„დაველოდოთ, სუს-მა თქვას თვითონ.... არის რაღაც მტკიცებულებები, მაგრამ ამ მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედება აქვს ჩადენილი", - ამბობს ადვოკატი.

ეს ამ თვეში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების მეორე შემთხვევაა.

მაისის დასაწყისში, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს, წარსულში ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა - საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG