1 ივნისს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამმართველოში ათი ადამიანი იმუშავებს: „საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით“.
მანამდე, 20 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ თანამშრომლების შერჩევის დროს გაითვალისწინებდნენ „გამოცდილებას“.
„აქცენტი გაკეთდება მოქმედ თანამშრომლებზე, ვისაც აქვს გამოცდილება და მოვახდენთ ამ კადრების აკუმულირებას სხვადასხვა დანაყოფებიდან“, - განაცხადა დარახველიძემ.
„ქართული ოცნების“ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი ფუნქციების სამსახურის შექმნით ხელისუფლება „სიძულვილის ენასთან“ ბრძოლის მოტივით სიტყვის თავისუფლების ჩახშობას განაგრძობს.
თამთა ქიმბარიშვილი
ვინ არის ხელმძღვანელი
ახალი სამმართველოს უფროსი გახდა თამთა ქიმბარიშვილი.
მისი პოზიციაა შსს-ს „ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი“.
მანამდე თამთა ქიმბარიშვილი იყო შსს-ს იურისტი. მისი შეურაცხყოფის გამო - ფეისბუკ-პოსტის კომენტარის გამო - მოქალაქეა დაჯარიმებული. აი, რა მოხდა:
- ქიმბარიშვილის ფოტო ფეისბუკზე 2025 წლის 27 აპრილს გამოაქვეყნა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა;
- ჩხარტიშვილმა ქიმბარიშვილს, - რომელიც, ჩხარტიშვილის თანახმადვე, მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა ერთ-ერთ მსგავს საქმეზე, - უწოდა „მონა–ჯალათი, სადისტი და პოტენციური მკვლელი“;
- ამ პოსტზე 70-ზე მეტი კომენტარი დაწერეს ფეისბუკ-მომხმარებლებმა. ერთ-ერთი, არაკორექტული კომენტარი ეკუთვნოდა მოქალაქე დიანა გოგოლაძეს. კომენტარი ასეთი იყო: „ახალგაზრდა გოგო და ასეთი ძუკნა“.
- კომენტარის ავტორი სწორედ ამ კომენტარის გამო დააჯარიმეს 2500 ლარით. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2025 წლის 24 ივნისს გამოაცხადა.
ასევე ნახეთ
სასამართლომ მოქალაქე ფეისბუკზე კომენტარის გამო 2500 ლარით დააჯარიმა„ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია“
ეს ინიციატივა „ქართული ოცნების“ მთავრობაში ახალ პოზიციაზე დანიშნულმა მამუკა მდინარაძემ, - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, - წარადგინა 18 მაისს.
მისი თქმით, ეს ინიციატივა მიმართულია „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის“ წინააღმდეგ და მისი მიზანი არ არის „აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა“.
„რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ასევე ნახეთ
შსს-ში იქმნება საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოროგორ იმუშავებს უწყება
1 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში შსს წერს, რომ „სამმართველო მოახდენს:
- სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას,
- ვინაობის დადგენას,
- ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას,
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და ...
- საერთო სასამართლოებში გადაგზავნას“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის განმავლობაში არაერთი მოქალაქე, მათ შორის, აქტივისტები და ჟურნალისტები დააჯარიმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული იმ პოსტებისთვის, რომლებიც მაღალჩინოსნებმა შეურაცხმყოფლად მიიჩნიეს.
პოლიციელებმა შემდეგ სამართალდარღვევის, კერძოდ, 173-ე 16 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დაფიქსირება მოითხოვეს.
ასევე ნახეთ
რას მიიჩნევს დარღვევად შსს-ს „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველო - დარახველიძის განმარტება„თითოეული კრიტიკა, რომელიც“...
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ 20 მაისს განაცხადა, რომ „პიროვნული თავდასხმები“ არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა არ შეიზღუდება, თუკი ეს გამოხატვა რაიმე საზოგადოებრივ მოვლენას შეეხება:
„თითოეული კრიტიკა, თავდასხმა იქნება, უხამსი თუ ვულგარული გამონათქვამი, თუ ლახავს კონკრეტული ადამიანის პირად ღირსებას, ამ შემთხვევაში უკვე ერთვება კანონი...
[თუკი ადამიანი] უხამსი გამონათქვამებით რაიმე პოლიტიკას აკრიტიკებს ან მის შეხედულებას აფიქსირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენასთან დაკავშირებით და არა კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით, ასეთ შემთხვევაში, ეს არის დაცული გამოხატვის თავისუფლებად. აქ ზღვარი გადის პიროვნულ თავდასხმებზე“.
„ანტიკონსტიტუციურია“ - უფლებადამცველები
ადამიანის უფლებათა დამცველები აკრიტიკებენ და „ცენზურის მექანიზმად“ აფასებენ ინიციატივას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნას სპეციალური სამმართველო, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგი“ იქნება.
აი რამდენიმე ციტატა მათგან:
- დაანონსებული მექანიზმი „ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან“, - თამარ ონიანი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე;
- „ამ როლს ადრე უფრო მეტად სუსი ასრულებდა, ვიდრე შსს... ეტყობა, სუსის რესურსები საკმარისი აღარ არის, უკვე იმდენ ადამიანს უსმენენ და ამონიტორინგებენ ახალი ტექნოლოგიებით, და პოლიციის ჩათრევა გადაწყვიტეს მოსმენების სფეროში“, - თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი.