Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცენზურის მექანიზმი“ - უფლებადამცველები შსს-ში „კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს შექმნაზე

მამუკა მდინარაძემ შსს-ში საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს შექმნა დააანონსა.
მამუკა მდინარაძემ შსს-ში საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს შექმნა დააანონსა.

ადამიანის უფლებათა დამცველები აკრიტიკებენ და „ცენზურის მექანიზმად“ აფასებენ ინიციატივას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნას სპეციალური სამმართველო, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგი“ იქნება.

ეს ინიციატივა „ქართული ოცნების“ მთავრობაში ახალ პოზიციაზე დანიშნულმა მამუკა მდინარაძემ, - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, - წარადგინა 18 მაისს.

მისი თქმით, ეს ინიციატივა მიმართულია „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის“ წინააღმდეგ და მისი მიზანი არ არის „აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა“.

„ერთგვარი ცენზურის მექანიზმი“

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, თამარ ონიანის შეფასებით, დაანონსებული მექანიზმი „ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან“.

მისი თქმით, ინიციატივის შინაარსი ახალი არ არის და მისი საკანონმდებლო ბაზა 2025 წელს შეიქმნა:

„2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 173(16) მუხლი - ის საფუძველი, რითაც საჯარო პირების შეურაცხყოფის მოტივით მოქალაქეებს ედავებოდა შსს“, - წერს ონიანი ფეისბუკზე.

უფლებადამცველი იხსენებს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის თანახმადაც კანონში ცვლილება „თვითნებური განმარტების საშუალებას იძლევა“:

„მეტისმეტად ფართო და სუბიექტურია მითითება „სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ლანძღვა-გინებაზე, შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა ან/და სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებაზე“, რაიმე სახის შინაარსის აღწერის, განმარტების ან დარღვევის დამაფუძნებელი სხვა ელემენტების მოხმობის გარეშე“, - განმარტავს ონიანი.

  • „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო პირებს კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით დიდი ვალდებულება აქვთ, ვიდრე რიგით ფიზიკურ პირებს.
  • პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს არ აქვთ პრივილეგია, ისარგებლონ გაძლიერებული დაცვით გამოხატული კრიტიკისგან“, - წერს ის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის განმავლობაში არაერთი მოქალაქე, მათ შორის, აქტივისტები და ჟურნალისტები დააჯარიმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული იმ პოსტებისთვის, რომლებიც მაღალჩინოსნებმა შეურაცხმყოფლად მიიჩნიეს.

პოლიციელებმა შემდეგ სამართალდარღვევის, კერძოდ, 173-ე 16 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დაფიქსირება მოითხოვეს.

„კონტროლის შეუზღუდავი გაძლიერებაა“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ მართალია, პრევენციული უფლებამოსილებების მინიჭებაც კი შსს-სთვის შეიძლება გამართლდეს დანაშაულების შემთხვევაში, თუმცა:

  • „სხვა ტიპის გამოხატვასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში კრიმინალიზებული არ არის, რა უნდა იყოს შსს-ს ფუნქცია?!
  • პოლიციამ რა შეიძლება უყოს დამონიტორინგებულ ინციდენტებს და მათ შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას, რომელიც დანაშაული ან სამართალდარღვევა არ არის“?! - ამ შეკითხვებს სვამს მიქელაძე.

„პოლიციის უფლებამოსილების გაფართოება ამ ხარისხით ხომ საპოლიციო მმართველობის და კონტროლის შეუზღუდავი გაძლიერებაა“?! - წერს იგი ფეისბუკზე.

„ანტიკონსტიტუციურია“

მიქელაძის განმარტებითვე, სიძულვილის ენის ინციდენტების მონიტორინგის საკითხი, ზოგადად, ლეგიტიმურია, თუმცა ეს მანდატი უნდა ჰქონდეს არა პოლიციას, არამედ სახალხო დამცველს:

„დემოკრატიულ სისტემებში სიძულვილის ენის მონიტორინგი, როგორც წესი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ინსტიტუტებს ანიჭებენ და არა საპოლიციო სტრუქტურებს“, - წერს ის.

„ჯანდაბას, გასაგებია ისიც, რომ შეურაცხყოფის საკითხების ანტიკონსტიტუციური და ავტორიტარული კრიმინალიზების შემდეგ, მსგავსი გამოხატვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არის მიჩნეული და აქაც პოლიციას შეიძლება ჰქონდეს მონიტორინგის მანდატი.

თუმცა, კიდევ ერთხელ, ამ სამართალდარღვევის შინაარსი ანტიკონსტიტუციურია და გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევის ძალიან მაღალ რისკებს შეიცავს“, - მიიჩნევს მიქელაძე.

მისი დაკვირვებითვე, „ამ როლს ადრე უფრო მეტად სუსი ასრულებდა, ვიდრე შსს“: „ეტყობა, სუს-ის რესურსები საკმარისი აღარ არის, უკვე იმდენ ადამიანს უსმენენ და ამონიტორინგებენ ახალი ტექნოლოგიებით, და პოლიციის ჩათრევა გადაწყვიტეს მოსმენების სფეროში“, - წერს იგი.

ორშაბათს, 18 მაისს მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე განაცხადა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული დეტალური კონსულტაციების შედეგად შევთანხმდით, რომ შსს-ში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო“.

„ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია“

მისი თქმით, სამმართველოს „ძირითადი ფუნქცია იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“.

„რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი ამ განმარტების თანახმად, შსს შეიძლება დაინტერესდეს სოციალურ ქსელებში პოსტებით, ფოტოებით, ფოტოებზე წარწერებითა თუ ვიდეოებით.

მისი თქმითვე, სამმართველო:

  • „იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში“;
  • „რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე“;
  • „უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში“, - განაცხადა მდინარაძემ.

რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესცენტრს მამუკა მდინარაძის ბრიფინგის შემდეგ მიმართა კითხვებით დეპარტამენტის დაკომპლექტებისა და სამუშაო მეთოდოლოგიის შესახებ, მათ შორის გამოყენებული იქნება თუ არა გამოყენებული ინტელექტი (AI). პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG