რუსეთმა სომხეთიდან თევზის ექსპორტი შეზღუდა

საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთიდან ცოცხალი თევზის იმპორტი შეზღუდა.

1 ივნისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ერევანმა 2 ივნისიდან რუსეთში ექსპორტისთვის განკუთვნილი ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქტების სერტიფიცირება უნდა შეაჩეროს, გარდა იმ ორი კომპანიის პროდუქციისა, რომლებმაც შემოწმება გაიარეს. ეს ზომა ძალაში დარჩება, „სანამ არსებული ვითარება არ მოგვარდება“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა რუსი სპეციალისტების მიერ სომხეთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოებისა და კალმახის მოშენებისა და შენახვის ფერმების ინსპექტირების შემდეგ.

უწყების ცნობით, შემოწმების შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო. ეს ნიშნავს, რომ თევზისა და თევზის პროდუქტების სომხეთიდან რუსეთში გაგზავნა დროებით შეიზღუდა და მხოლოდ ორი ქარხნის პროდუქცია გავა - ეს ორი ქარხანა არ დასახელებულა. მათ პროდუქციას „რუსეთში შემოიტანენ უსაფრთხოების მაჩვენებლების ლაბორატორიული მონიტორინგის პირობით“, - განმარტებულია განცხადებაში, რომელიც "ინტერფაქსს“ მოჰყავს.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სომხურ პროდუქტებზე დაწესებულ სხვა შეზღუდვებს. მაგალითად, 2026 წლის 30 მაისიდან „როსსელხოზნადზორმა“ აკრძალა ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულისა და მარწყვის შეტანა სომხეთიდან რუსეთში. მანამდე უწყებამ სომხეთიდან რუსეთში ყვავილების შეტანა აკრძალა. კიდევ ერთმა უწყებამ, „როსპოტრებნადზორმა“, შეაჩერა სამი მსხვილი სომხური მწარმოებლის ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და ასევე აკრძალა სომხეთიდან რუსეთში „ჯერმუკის“ მინერალური წყლის შეტანა და გაყიდვა.

ასევე ნახეთ

რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა