სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწოდებაზე „დროებითი შეზღუდვები“ დაწესდება, „სანამ არ შემუშავდება შესაბამისი ალგორითმი საიმპორტო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სომხური ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების რუსეთში მიწოდებისას დარღვევების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით და ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაში. განცხადების თანახმად, 2026 წლის 21 მაისიდან 27 მაისამდე უწყებამ ჩაატარა სომხური საწარმოების შემოწმება, „რომლის დროსაც გამოვლინდა არაერთი დარღვევა“.
მანამდე „როსსელხოზნადზორმა“ აკრძალა ყვავილების იმპორტი სომხეთიდან რუსეთში. კიდევ ერთმა უწყებამ, „როსპოტრებნადზორმა“, შეაჩერა სამი მსხვილი სომხური მწარმოებლის ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და ასევე აკრძალა სომხეთიდან „ჯერმუკის“ მინერალური წყლის რუსეთში შეტანა და გაყიდვა.
ეს ხდება მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობების უპრეცედენტო დაძაბულობის ფონზე, არჩევნების წინ, რომელიც 7 ივნისს გაიმართება სომხეთში. რუსმა ოფიციალურმა პირებმა მწვავედ გააკრიტიკეს ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა და განაცხადეს, რომ ის „ორ სკამზე ჯდომას“ ცდილობს, როცა ინარჩუნებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობას და ამავდროულად ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის. მოსკოვი სომხეთს გაზის მიწოდების ხელშეკრულების პირობების გადახედვით დაემუქრა. ერევნის მისამართით პოლიტიკური ბრალდებებიც ისმის, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სომხეთში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშირებით.
რუსეთის ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს ამა თუ იმ პროდუქტის შეტანაზე აკრძალვების პრაქტიკას იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც მათი ურთიერთობები უარესდება. თუმცა „როსსელხოზნადზორი“ აცხადებს, რომ ეს აკრძალვები მხოლოდ ფიტოსანიტარიული მიზეზების გამოა დაწესებული.
სომხეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ერევანში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავიდა და რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
ფორუმი