მადლიერი ვარ, რომ ტრამპი რეჟიმის ქცევის შეცვლას ითხოვს - კონგრესმენი უილსონი რუბიოს განცხადების შემდეგ

კონგრესმენი ჯო უილსონი მარკო რუბიოს განცხადების შემდეგ საქართველოს შესახებ: „მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ... ქცევის შეცვლას მოითხოვს“.

ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში მარკო რუბიოს განცხადების შემდეგ მოიწონა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

„მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ საერთაშორისო ნორმების დამრღვევი სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს“, - დაწერა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე.

„ქართული ოცნების“ ანტიამერიკული რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის უკანონო ქმედებებს, მაშინ როცა საკუთარ ხალხს უკანონოდ აპატიმრებს“, - დაწერა მან.

რა თქვა რუბიომ

მის პოსტს წინ უძღოდა წარმომადგენელთა პალატაში მოსმენისას ჯო უილსონის შეკითხვა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსადმი საქართველოს შესახებ, რაზეც მარკო რუბიომ განაცხადა:

„ცხადია, ჩვენ გვესმის ყველაფერი, რაც ახლახან აღწერეთ, - ეს ჩვენთვის წინასწარ არსებული პრობლემები. მათ გვკითხეს, „რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის?“

ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ განვითარებას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობისა, არამედ მათი ქცევისა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ასევე ნახეთ

იმედია, შეიცვლება არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, არამედ მათი ქცევა - რუბიო

უილსონმა კითხვის ფორმულირებაში საქართველოს ხელისუფლება აღწერა, როგორც „პროირანული რეჟიმი, რომელიც მხარდაჭერილია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ“ და „არალეგიტიმურია და საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას“.

მან საქართველო მოაყოლა სამხრეთ კავკასიის კონტექსტსა და „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტს.

ასევე ნახეთ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მარკო რუბიო მეზობელ სომხეთში

ჯერჯერობით თბილისს მარკო რუბიოს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეხვედრები ამერიკულ დელეგაციასთან

სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებამდე ორიოდე საათით ადრე თბილისში ჟურნალისტებს ამერიკასთან ურთიერთობების შესახებ ესაუბრებოდა ირაკლი კობახიძე.

მან ახსენა ბოლოდროინდელი საუბრები სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან, - რომელმაც გასულ კვირაში გამართა შეხვედრები ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან, - და თქვა:

„ჩვენ გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ეს დისკუსია განვაგრძოთ“.

ასევე ნახეთ

საკონსტიტუციო სარჩელის გამოტანა უსამართლობის გაგრძელება იქნებოდა - კობახიძე აშშ-სთან მოლაპარაკებებზე

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სარჩელს ეხებოდა, პრემიერმა განაცხადა:

„ჩვენს აღქმაში ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი, მაგალითად, იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან“.

მისივე თქმით, „ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში“.

ასევე ნახეთ

"სუფთა ფურცლიდან" თუ კონკრეტული პირობებით? - როგორ გაიგეს საქართველოში აშშ-ის დელეგაციის გზავნილები