ანექსირებულ ყირიმზე დრონებით შეტევა იყო

უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიის ნავთობბაზაზე. 2026 წლის 30 მაისი

4 ივნისს აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სხვადასხვა რაიონში. ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ განაცხადა. მუშაობა შეაჩერა რკინიგზამ. დროებით დაკეტეს ე.წ. ყირიმის ხიდი(ქერჩის ხიდი).

ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურად მოსკოვის მიერ დანიშნულმა სერგეი აქსიონოვმა 4 ივნისს დილით ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიმფეროპოლში „არასაცხოვრებელ ობიექტებზე“ დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. რა ობიექტებია ეს, აქსიონოვს არ დაუკონკრეტებია. მისივე ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა დრონით შეტევის შედეგად მატარებელზე, რომელიც აზოვსკოედან ქერჩისკენ მიემგზავრებოდა.

რუსულმა სარკინიგზო კომპანია „გრანდ სერვის ექსპრესმა“ ანექსირებულ ყირიმში სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად დაასახელა „საავიაციო საფრთხე“. დროებით დაკეტეს რუსეთის მიერ აშენებული „ყირიმის ხიდიც”, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქერჩის და ტამანის ნახევარკუნძულებს.

„ყირიმის თათარი ხალხის მეჯლისის“ ხელმძღვანელმა, რეფატ ჩუბაროვმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მისი წყაროების ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში დრონებით შეტევა იყო რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.

  • მეჯლისს კიევი აღიარებს ყირიმელი თათრების კანონიერ წარმომადგენლობით ორგანოდ, რუსეთს კი „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
  • ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსულმა სასამართლომ რეფატ ჩუბაროვი გაასამართლა „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებებისა“ და „მასობრივი არეულობის ორგანიზების“ ბრალდებებით და დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა.

ასევე ნახეთ

ყირიმის იზოლაცია - უკრაინის გზა გამარჯვებისკენ?

მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში დრონებით და რაკეტებით დაარტყეს რუსეთის რამდენიმე სამხედრო ობიექტს და ნავთობის საცავს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნეა საწვავით ყირიმის მომარაგების მარშრუტებიც, რამაც ბენზინის დეფიციტი შექმნა.

განახლება: 4 ივნისს დღისით უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ოკუპირებულ ყირიმში დრონებით დაარტყეს რუსეთის სასაზღვრო გემს „სვეტლიაკი”, ნავიგაციის რადიოტექნიკურ სისტემას საკის აეროდრომის რაიონში და ლოკომოტივებს.

ასევე ნახეთ

უკრაინამ განაცხადა, რომ კრონშტადტის პორტში დაარტყეს რუსეთის სამხედრო გემს