პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გულბაათ რცხილაძის დაკავების შეფასება მარია ზახაროვას სთხოვა პრორუსულად განწყობილმა, როგორც თავად წარადგინა თავი, საინფორმაციო სააგენტო "ტაოს" წარმომადგენელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, ონლაინფორმატში ჩართვისას.
ზახაროვამ უპასუხა, რომ გაეცნო ცნობებს რცხილაძის დაკავებაზე და კოლეგებს, "რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ", სთხოვა ინფორმაციის მიწოდება.
"მითხრეს, რომ მას ძალიან კარგად იცნობენ. ადამიანს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საჯაროდ და გულწრფელად, დაუმალავად, დაუფარავად გამოდის საქართველოსა და რუსეთს შორის აზრთა სხვადასხვაობის, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მხარდასაჭერად. როგორც ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, მან ნამდვილად ბევრი გააკეთა ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის. დაკავებული იყო ჩვენი საერთო წარსულის შესწავლით, მემორიალური სამუშაოთი, მათ შორის მეორე მსოფლიოში ომის წლებში დაკარგულების მოძიებით, ძეგლების აღდგენით, იცავდა ისტორიულ სიმართლეს, ფაშიზმზე გამარჯვებაში ქართველი ხალხის დიდ და შეუფასებელ წვლილს", - თქვა ზახაროვამ.
მისი სიტყვებით, გულბაათ რცხილაძე "ყველა კონტაქტს ახორციელებდა ღიად, ოფიციალურად" და დაამატა, რომ "ის დააკავეს რამდენიმე დღეში, მას შემდეგ რაც დააანონსა საქართველოს საჯარო სივრცეში რუსოფობიის მონიტორინგის პროექტი".
"როგორ ჩანს გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ქსენოფობიის გასაიდუმლოებით და რასაკვირველია, არ შეიძლება არ გვაღელვებდეს მისი [გულბაათ რცხილაძის] ბედი". - თქვა ზახაროვამ.
მისივე სიტყვებით, "დააზუსტა" ისიც, რომ რცხილაძის "მზრუნველობის ქვეშ იმყოფება მძიმედ ავადმყოფი ხანდაზმული მამა".
"ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს გაერკვეს ამ საკითხში. უსიტყვოდ, პატივისცემით ვეკიდებით დამოუკიდებელი სახელმწიფოს კანონმდებლობას, მაგრამ გაგიზიარეთ შეფასებები, თქვენს შეკითხვაზე პასუხისას", - მიუგო ზახაროვამ მჟავანაძეს.
ასევე ნახეთ
ჯაშუშობის ბრალდებები, საიდუმლო საქმეები, მინიშნებები - დაკავებულთა კიდევ ერთი წყვილირას ედავებიან გულბაათ რცხილაძეს
გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავებულ რცხილაძეს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან.
გამოძიების თანახმად, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.
1 ივნისს რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
დაკავებულის ადვოკატის ლაშა გოლუბიანის განცხადებით, გულბაათ რცხილაძეს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია - არც ჩვენება მიუცია, არც ბრალი უღიარებია.
როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს, სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ:
"არანაირ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი არ ჰქონდა და არავის დავალებით არ მოქმედებდა, ჯაშუში არ არის ეგ ადამიანი".
გულბაათ რცხილაძის შესახებ
გულბაათ რცხილაძე პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელია. წლების განმავლობაში მას არასოდეს დაუმალავს თავისი მკაფიოდ პრორუსული, ანტიდასავლური პოზიცია; საჯარო იყო ინფორმაცია მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისა თუ სხვადასხვა თავყრილობის შესახებ, მათ შორის - ძვირფას თბილისურ სასტუმროებში.
- 2008 წელს დააფუძნა ინტერნეტგამოცემა „პოლიტფორუმი“, რომელიც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა და რუსეთის ოფიციალურ ვერსიას იმეორებდა.
- 2019 წელის 9 მაისს, რუსეთის პროექტის - „უკვდავი პოლკის“ - აქციის ორგანიზატორი იყო.
- 2024 წლის მაისში, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით - "საქართველოს დაბრუნება რუსეთის იმპერიაში - ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ".
- ამავე წელს, მრგვალი მაგიდის თანაორგანიზატორი იყო თემაზე - „ტრადიციული ფასეულობები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“.
- სულ ბოლოს, “ევრაზიის ინსტიტუტმა” ახალი პროექტი დააანონსა - “რუსოფობიის მონიტორინგი საქართველოში”.
- ადვოკატი გოლუბიანი ვარაუდობს, რომ დაკავება შესაძლოა სწორედ “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს” შექმნას უკავშირდებოდეს.