"დაუშვებელია" - თბილისში რუსული ენის დღის აღნიშვნას პროტესტი მოჰყვა

სამოქალაქო მოძრაობა "ქართული რესპუბლიკის" წევრები თბილისში რუსული ენის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ

მოკლედ

  • თბილისში, რუსეთის ინტერესების სექციის ჩართულობითა და რამდენიმე პრორუსული ორგანიზაციის ძალისხმევით, უკვე მეორედ აღინიშნება საჯარო სივრცეში, პუშკინის პარკში რუსული ენის დღე, რომელიც რუსი პოეტის, პუშკინის დაბადების დღეს ემთხვევა.
  • გარდა გარე აქტივობისა, დაგეგმილია "რუსული ენის ელჩების" პროგრამის ფარგლებში შეხვედრები რუსეთიდან ჩამოსულ რუსული ენის ინსტიტუტის თანამშრომლებთან და ავტორებთან.
  • პუშკინის ბაღში ღონისძიებას საპროტესტო აქციით დახვდნენ სამოქალაქო მოძრაობა "ქართული რესპუბლიკის" წევრები.
  • მათ სიტყვით გამოსვლისას იქ შეკრებილებს უთხრეს, რომ დაუშვებელია რუსული დღის აღნიშვნა ოკუპაციის პირობებში.
რუსული დღის თბილისში აღნიშვნის ფონია წლების განმავლობაში ქართული ენის ამომძირკვავი პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალსა და აფხაზეთში. ახალგორსა და გალის რაიონშიც კი, ანუ იმ ადგილებში, რაც ძირითადად ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული, სკოლებში ქართული ენის სწავლა აკრძალულია.

„ჩემი მიწიდან ვარ გამოდევნილი... ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ღვთისმსახურებაც კი არ ტარდება, ქართველებს ყოველდღიურად ჩაგრავენ ქართული ენის გამო და ამ დროს რუსული ენის დღის აღნიშვნა ნებისმიერი ქართველისთვის შეურაცხყოფაა!“ - უთხრა რუსული ენის დღის აღსანიშნავად პუშკინის ძეგლთან მისულებს "საქართველოს რესპუბლიკის" წევრმა, ილია ღლონტმა. ის აფხაზეთიდანაა დევნილი.

"მაშინ, როცა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ქართულ ენას კლავენ, თბილისში რუსული ენის დღის აღნიშვნა დაუშვებელია" - ეს გიორგი თავართქილაძეა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი.

რუსული ენის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სადაც ის ამბობს:

„ჩვენს უპირობო პრიორიტეტებს შორისაა იმათი დაცვა და მხარდაჭერა, ვისთვისაც რუსული ენა მშობლიურია. მტკიცე წინააღმდეგობას გავუწევთ ენობრივი დისკრიმინაციისა და რუსოფობიის ნებისმიერი გამოვლენას, სადაც არ უნდა მოხდეს ეს. აუცილებლად მივაღწევთ იმ რუსი და რუსულენოვანი ადამიანების უფლებების სრულ აღდგენას, რომელთა წინააღმდეგაც კიევის ნეონაცისტური რეჟიმის მხრიდან ღია ტერორია გაჩაღებული. ამ საკითხის გადაჭრა უკრაინის კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების აუცილებელ პირობებს შორისაა“

ასევე ნახეთ

მოსკოვი ითხოვს რუსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის დაწესებას

საქართველოში 6 და 7 ივნისს, რუსული ენის დღის აღნიშვნის ფარგლებში დაგეგმილია "რუსული ენის ელჩების" პროექტის ფარგლებში ღონისძიებებიც - წელს ასეთი შეხვედრები იმართება ასევე ბუდაპეშტსა და პარიზში.

ასევე ნახეთ

მშიერი ბავშვები, გარყვნილება და აკრძალული ქართული - სასწავლებლები ცარიზმის ეპოქაში

ასევე ნახეთ

10 რამ, რაც რუსეთმა საქართველოს დაუშავა


ასევე ნახეთ

როგორ ეძებენ „ჯაშუშებსა“ და „განსხვავებულად მოაზროვნეებს“ გალის სკოლებში

ასევე ნახეთ

გახდება საქართველო "რუსული სამყაროს" ნაწილი? - პუტინის ახალი ჰუმანიტარული პოლიტიკა