პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკროლ ფაშიანი პრესკონფერენციაზე ერევანში. 08 ივნისი, 2026 წელი

„სამოქალაქო შეთანხმების “ პარტიამ სომხეთის არჩევნებში გაიმარჯვა და მთავრობას მარტო ჩამოაყალიბებს.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა და პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა 8 ივნისის ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2021 წელთან შედარებით, „სამოქალაქო შეთანხმების“ პარტიამ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა უფრო დიდი რაოდენობის ხმები მიიღო და მოქალაქეთა უფრო დიდი რაოდენობის ნდობა დაიმსახურა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტია მილიარდერ სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთის“ ალიანსს 56.7%-ით 22.6%-ის წინააღმდეგ ლიდერობს, საარჩევნო უბნების 7.4%-ის დათვლის შემდეგ

კომისიის ცნობით, აქტივობა 59% იყო.

არჩევნებში მონაწილე ძირითადი და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტები:

  • „სამოქალაქო შეთანხმება“ (Civil Contract): მოქმედი მმართველი პარტია პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით. მათი პლატფორმა ევროკავშირთან დაახლოებასა და დასავლურ ორიენტაციას ეფუძნება.
  • ბლოკი „სომხეთის ალიანსი“ (Armenia Alliance): მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური ძალა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს.
  • ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ (Strong Armenia): ახალი გავლენიანი პრორუსული გაერთიანება, რომლის ზურგს უკანაც მოსკოვში მოღვაწე მილიარდერი სამველ კარაპეტიანი დგას.
  • „აყვავებული სომხეთი“ (Prosperous Armenia): მსხვილი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გაგიკ წარუკიანის პარტია, რომელიც ასევე მკვეთრად ოპოზიციურ და პრორუსულ ფლანგზეა.
  • „ერთობის ფრთები“ (Wings of Unity): ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოფილმა ომბუდსმენმა არმან თათოიანმა დააფუძნა.
  • „სომხეთის ეროვნული კონგრესი“ (ANC): პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტია.

    ყოფილმა მმართველმა ძალამ, სერჟ სარქისიანის „რესპუბლიკურმა პარტიამ“, ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და მასში არ მონაწილეობდა.

სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის ძირითადი კონკურენტები პრორუსული ძალები არიან. მათ რიგებშია კრემლის რჩეული - დაპატიმრებული მილიარდერის სამველ კარაპეტიანის პოლიტიკური ალიანსი.