უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ კიევში შეხვდა მილიარდერ რუს ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩს და უთხრა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად.
ოლიგარქ აბრამოვიჩთან შეხვედრის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ილაპარაკა 7 ივნისს ლონდონში ვიზიტისას ტელეკომპანია Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
- ამ ინტერვიუს წინ უძღოდა პუტინის განცხადება, რომ მაისში ზელენსკის შეხვდა რუსეთის საქმიანი წრეების წარმომადგენელი. გამოცემა Financial Times-მა პუტინის განცხადების შემდეგ, ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ეს პირი აბრამოვიჩი იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა Sky News-ს უამბო, რომ რომან აბრამოვიჩი კიევში ჩავიდა, უთხრა, რომ გზავნილი აქვს და სურს მისგანაც გზავნილი გადასცეს პუტინს. ზელენსკის თანახმად, შესაძლო კომპრომისებზე საუბრისას აბრამოვიჩს უთხრა, რომ უკრაინის მხრიდან ყველაზე დიდი კომპრომისი ცეცხლის შეწყვეტა იქნება და უკრაინა არ აპირებს რუსეთს დონბასი მისცეს.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან გამოთქვა მზადყოფნა, თუ ეს შეხვედრა არ გაიმართება მოსკოვში ან მინსკში.
- 4 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს მიმართა ღია წერილით, რომელიც ნეიტრალურ ტერიტორიაზე პირისპირ შეხვედრასა და ომის დასრულებას ეხებოდა.
- 5 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. პუტინმა სწორედ ამ გამოსვლისას თქვა, რომ სამი კვირის წინ უკრაინული მხარის მიწვევით კიევში ჩავიდა რუსი ბიზნესმენი, რომელსაც ზელენსკიმ გადასცა მასთან შეხვედრის წინადადება.