უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 ივნისს ლონდონში შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
ევროპელმა მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერა. მათ სურთ მნიშვნელოვანი როლის შესრულება ომის დასასრულებლად უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და პროცესში სხვა ევროპელი პარტნიორებისა და აშშ-ის ჩართულობით.
- უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე 2026 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების სამი რაუნდი გაიმართა. პროცესი შეჩერდა თებერვლის ბოლოდან, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
5 პირობა
უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივი განცხადების მიხედვით, სამართლიანი და მყარი მშვიდობის დასამყარებლად საჭირო 5 პირობაა:
- საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა. პუტინს მოუწოდეს დასთანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ და სრულად შეწყვეტას.
- მოლაპარაკებებისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ფრონტზე ამჟამად არსებული ე.წ. შეხების ხაზი. საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს. სრული პატივისცემა უკრაინის სუვერენული უფლების, თავად აირჩიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და შექმნას ალიანსები.
- ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საიმედო, იურიდიული გარანტიები, რაც მოიცავს უკრაინაში საერთაშორისო ძალების განთავსებასაც.
- რუსეთის აქტივები გაყინული იქნება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს და უკრაინას მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციას არ გადაუხდის.
- შეთანხმებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოების ინტერესები. ნებისმიერ მოლაპარაკებას, რომელიც ევროკავშირს და ნატოს ეხება, სჭირდება მხოლოდ ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების და ნატოელი მოკავშირეების თანხმობა.
უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში დასახელებული პირობები სიახლე არ არის ისევე, როგორც რუსეთის უარი მაგალითად, საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე ამჟამინდელ შეხების ხაზზე. რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სრულად დატოვონ დონბასი.
მოსკოვი ეწინააღმდეგება უკრაინაში საერთაშორისო ძალების განთავსებასაც, რუსული აქტივების გაყინვას კი ძარცვად მიიჩნევს, ხოლო კომპენსაციაზე საუბარს აბსურდად.
ფორუმი