საქართველო-ჩინეთი „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ გადავიდნენ

ირაკლი კობახიძე და ჩინეთის პრემიერი ლი ციანი

თითქმის სამი წლისთავზე საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის მიღებიდან, ორმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ურთიერთობების გაღრმავების მიზნით გადავიდნენ „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ ეტაპზე.

ეს გადაწყვეტილება დაემთხვა შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტის მიღებას.

ასევე ნახეთ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი

„ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“

სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ გადაწყვეტილება ცნობილი გახდა პრეზიდენტების, სი ძინპინისა და მიხეილ ყაველაშვილის მიერ ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებული „მისალოცი შეტყობინებებიდან“.

განსხვავებით სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის მიღებიდან, - რასაც ჩინეთში სი ძინპინისა და ექსპრემიერ, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დეკლარაციის მიღების ცერემონია ახლდა თან, - ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა „დისტანციურად“ დამყარდა.

ირაკლი ღარიბაშვილი და სი ძინპინი

ღარიბაშვილისა და პრეზიდენტ სის შეხვედრა 2023 წლის 28 ივლისს სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში შედგა, რა დროსაც ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან.

ირაკლი ღარიბაშვილს, - რომელმაც პოსტი 2024 წლის 30 იანვარს დატოვა, 2025 წელს კი პოლიტიკიდანაც გავიდა, - ახლა ₾1-მილიონიანი გირაო აქვს შეფარდებული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის“ ბრალდებით.

„ახალი პერსპექტივა“

„მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად განვაცხადო, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადავა“, - ვკითხულობთ ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ წერილში, რომლის ავტორიც, საელჩოს თანახმად, პრეზიდენტი სი ძინპინია.

„მე მჯერა, რომ ეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის, ორ ქვეყანას შორის ტრადიციულ მეგობრობაში ახალ თავს დაწერს, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას ძლიერ იმპულსს შესძენს და ჩვენი ქვეყნების ხალხებს მეტ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

კობახიძე: ჩინეთი ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში

ჩინეთის საელჩოს ცნობითვე, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველომ და ჩინეთმა დიდი ხნის მეგობრობა დაამყარეს და ორმხრივმა ურთიერთობებმა ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის საფუძველზე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს.

„ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავზე, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აგვეყვანა“, - თქვა ყაველაშვილმა.

„მე მჯერა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისთვის მეტ შესაძლებლობას შექმნის, ორივე ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს და ორ ხალხს შორის მეგობრობას კიდევ უფრო გააძლიერებს“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

საპატიო სტუმარი ჩინეთში, კრიტიკის სამიზნე ევროპაში - თბილისი ბრიუსელსა და შანხაის შორის

„დღეს მოეწერა ხელი“ - კობახიძე

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს გამართულ ბრიფინგზე. - „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი“.

„ახლა გადავდივართ ჩვენი ურთიერთობების უკვე ახალ ეტაპზე - ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი“, - განაცხადა პრემიერმა.

ასევე ნახეთ

ჩინეთის „ინტერნეტის ცენზორი“ თბილისსა და ბაქოში - AI, Data-ცენტრები, Deep Fake-ებთან ბრძოლა

მისი თქმით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

ასევე ნახეთ

კობახიძე 5 მინისტრთან და სების პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრა შანხაიში, სადაც მათ პრემიერი მასპინძლობს

მიღწევებში კობახიძემ ჩამოთვალა:

  • „ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული, მათ შორის, ორმხრივად“;
  • „უვიზო მიმოსვლა დაწესდა;
  • გვაქვს პირდაპირი ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის;
  • ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები“.

ასევე ნახეთ

პაპუაშვილი ჩინეთში შეხვდა კომპარტიის „მთავარ იდეოლოგსა“ და პარლამენტის თავმჯდომარეს

კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობაზე

ამავე ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიღებულ კანონპროექტზე, რომელიც, კანონად ქცევის შემთხვევაში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალდებულებს, შეისწავლოს საქართველოში „რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება“.

ირაკლი კობახიძემ კანონპროექტი ავტორს, რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს დღევანდელ ბრიფინგზე, სულ მცირე, სამჯერ უწოდა „აბსოლუტურად არასერიოზული კაცი“ და თქვა:

„ჯო უილსონი წარმოადგენს პრეზიდენტის პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას. იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან“.

ასევე ნახეთ

თუკიდიდეს ჩიხი თუ სტრატეგიული სტაბილურობა - ვაჯამებთ ტრამპის ვიზიტს ჩინეთში

შემდეგ ახსენა დონალდ ტრამპის და სი ძინპინის ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები:

„მას [პრეზიდენტ ტრამპს] ცოტა ხნის წინ ჰქონდა ვიზიტი ჩინეთში, მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს, ამ ფონზე როდესაც გამოდის ვიღაც ჯო უილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია და რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს არ იმსახურებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ბოლოს დასძინა, რომ საქართველო ელის აშშ-სთან კომუნიკაციის შედეგიანად დასრულებას:

„ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, გვაქვს კონკრეტული საუბრები და გვაქვს იმედი, რომ ეს საუბრები მოიტანს შედეგს“, - თქვა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

იმედია, შეიცვლება არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, არამედ მათი ქცევა - რუბიო

წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თბილისის დროით 9 ივნისს, ნაშუაღამევს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.

კანონპროექტი H.R. 7668 ასახავს ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სულ უფრო უახლოვდება აშშ-ის მთავარი მეტოქეების მიერ კონტროლირებულ პოლიტიკურ ორბიტას.

კანონპროექტი 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო. დოკუმენტი ახლა სენატს უნდა გაეგზავნოს კენჭისყრისთვის.

ასევე ნახეთ

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში ორი შესწორება შედის საქართველოს შესახებ

სენატში დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი სახელმწიფო მდივანს, ეროვნული უშიშროების სააგენტოს დირექტორთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, დაავალდებულებს ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარმოადგინონ საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსეთის და ჩინეთის დაზვერვის უჯრედების შეღწევის, და ასევე რუსეთის და ჩინეთის გავლენების გადაკვეთის და თანამშრომლობის შესახებ.

კანონპროექტის ავტორია რესპუბლიკელი ჯო უილსონი. მას სხვა ინიციატივებიც აქვს საქართველოს შესახებ ინიციირებული.

ასევე ნახეთ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი