რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ 10 ივნისს მესამე მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტი კრძალავს ქვეყნიდან იმ უცხოელთა დეპორტაციას, რომლებმაც კონტრაქტი გააფორმეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ უკრაინაში.
იკრძალება ამ უცხოელთათვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა, ასევე იკრძალება მათთვის პატენტის გაცემაზე, მუშაობის უფლებაზე, ცხოვრების და ბინადრობის უფლებაზე უარის თქმა - იუწყება "მედიაზონა".
ამასთან, კანონპროექტი უკანა რიცხვით აუქმებს მსგავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებულია 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საომარ მოქმედებებში მონაწილეთა მიმართ.
რუსეთის ხელისუფლება აქტიურად მიესალმება უცხოელთა მხრიდან თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმებას, ვრცელდებოდა ცნობები მათზე ზეწოლაზეც, გადაბირების მიზნით. ომის მონაწილე უცხოელთათვის წამახალისებელ ზომებს იღებენ ზოგადი საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრების ფონზე. მაგალითად, ამავე დღეს, 10 ივნისს, დეპუტატებმა რამდენჯერმე (5-დან 12-ჯერ) გაუზარდეს დოკუმენტების გაფორმების გადასახადი რუსეთში მცხოვრებ უცხოელებს.
მანამდე მიიღეს კანონები, რომლებიც კრძალავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების მქონე პირების გადაცემას სხვა ქვეყნებზე, სისხლის სამართლებრივი დევნისთვის, ასევე აკრძალულია მათი ქვეყნიდან გაძევება ადმინისტრაციული სასჯელის ფორმით.
ბევრ ქვეყანაში სხვა ქვეყნის არმიის შემადგენლობაში ომში მონაწილეობა უტოლდება დაქირავებულ მებრძოლად მუშაობას და სისხლის სამართლებრივად ისჯება. ვრცელდებოდა ცნობები სასამართლო პროცესებზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მონაწილეთათვის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი.