შრომის სააგენტო სამივე ინსტანციის სასამართლოში მოითხოვდა, არ დაკმაყოფილებულიყო 11 მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა დამსაქმებლის შექმნილი „ღირსების შემლახავი პირობების გამო“ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
საბოლოოდ, სახელმწიფო უწყებას მხოლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, 11 ადამიანიდან თითოეულისთვის 800-800 ლარი. დაზარალებულებმა კომპენსაცია 5 წლის შემდეგ, 2 ივნისს მიიღეს.
„გადაწყვეტილება პრეცედენტულია. სასამართლომ სააგენტოს უთხრა, რომ ვალდებული იყო თავისი მოქალაქეები დაეცვა ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროფესიული გაერთიანების პრეზიდენტმა რაისა ლიპარტელიანმა. ის მოსარჩელეების უფლებას იცავდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილებაც უზენაესმა სასამართლომ არ შეცვალა, 2025 წლის 28 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა სააგენტოს ვალდებულებაზე:
„ვინაიდან მოსარჩელეები სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისას აღმოჩნდნენ მათი ღირსების შემლახველ შრომით პირობებში, [...] აპელანტმა (მოპასუხე) ადმინისტრაციულმა ორგანომ შემდგომაც ვერ უზრუნველყო მოსარჩელეთა ინტერესების დაცვა და ვითარების გამოსწორება, საფუძვლიანია მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე“.
გერმანიაში დასაქმების პროგრამის შესახებ
2021 წელს საქართველოში ამოქმედდა გერმანიაში სოფლის მეურნეობის სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა. საქართველოში განაცხადების მიღება დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს შრომის სააგენტომ - პირველივე დღეებში 80 000-მდე მსურველი დარეგისტრირდა, მათგან 300-მდე ადამიანი პროგრამის მონაწილე გახდა.
24-მა ქართველმა, რომლებიც გერმანიაში მარწყვის საკრეფად ჩაიყვანეს, 2021 წლის 11 მაისს ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აღწერდნენ სამუშაო ადგილზე შექმნილ პრობლემურ პირობებს:
- საცხოვრებლად განკუთვნილი იყო კონტეინერი, რომელშიც არ იყო იზოლირებული ოთახები ქალებისა და კაცებისთვის;
- სამზარეულოში არ იყო საჭირო ინვენტარი;
- არაჰიგიენური სააბაზანო;
- საპირფარეშოში იატაკი იყო დამპალი იმდენად, რომ ჩატყდა და ერთ-ერთმა დასაქმებულმა ფეხი იტკინა.
გარდა ამისა, დასაქმებულებს ჩამოართვეს ხელშეკრულება. ადგილზე ჩასულებს კი შეცვლილი სამუშაო პირობები დახვდათ: ისინი ხელფასს იღებდნენ არა საათობრივად, არამედ დაკრეფილი მარწყვის წონის მიხედვით, „რაც მიზერული თანხა იყო და გერმანიაში კვებისა და ცხოვრების ხარჯსაც კი ვერ ფარავდა“.
24 ადამიანიდან სასამართლო დავა 11-მა წამოიწყო - საქმე ყველამ მოიგო.
მორიგება გერმანიაში
სეზონურ სამუშაოებზე ჩასულმა ქართველებმა თავდაპირველად სასამართლო დავა გერმანიაში წამოიწყეს. კომპანია მორიგებაზე წავიდა და დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.
ასევე ნახეთ
GTUC-ი: გერმანიაში მარწყვის საკრეფად წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა სასამართლო მოიგესამ დროს თბილისის საქალაქო სასამართლოში მათ კიდევ ერთი სასამართლო დავა ჰქონდათ.
„სამი ინსტანცია გვაწვალეს“
„არაფერი არ გააკეთეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს პროფესიული გაერთიანების პრეზიდენტმა რაისა ლიპარტელიანმა, როცა შრომის სააგენტოს წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავაზე ესაუბრებოდა.
მისი თქმით, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდას სააგენტო წლების განმავლობაში არ თანხმდებოდა.
„ყველანაირი მცდელობა, რომ ამ ხალხისთვის ეშველათ, არ გამოვიდა. სამი ინსტანცია გვაწვალეს. ძალიან რთული ფინანსური მდგომარეობა აქვთ. ზოგს ანგარიშიც არ ჰქონდა. დალხენილი იქ არავინ მიდის“, - ამბობს დაზარალებულების ადვოკატი რაისა ლიპარტელიანი.
საქართველოში გაჭიანურებულ სასამართლო დავაზე საუბრობს ერთ-ერთი მოსარჩელე ჯაბა ჩაჩანიძე რადიო თავისუფლებასთან:
„ამ პროგრამის შემდეგ გასულია უკვე ხუთი-ექვსი წელი. გერმანიაში სამ-ოთხ თვეში დასრულდა ყველაფერი, აქ გაიწელა - დასაქმების სააგენტო წელავდა... აქ იყო დავა მოსაგები, რადგან ამათ გამიშვეს - ბევრად უკეთ ვიყავი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ საზარელ მდგომარეობაში მოვხვდებოდი 1,5 თვით“.
ასევე ნახეთ
გერმანიაში სასამართლო მოგებულია- სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულები ბრძოლას განაგრძობენრადიო თავისუფლებამ შეკითხვებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის სააგენტოს. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.