„დარიალის“ ნეიტრალურ ზონაში მყოფი უკრაინის 17 მოქალაქე დახმარებას და პასპორტებს ითხოვს

ფოტოკოლაჟი: ნიკოლაი კისილი, დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქე

წელიწადზე მეტია სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის 17 მოქალაქე იმყოფება. იმის გამო, რომ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, მათ საზღვრის კვეთისთვის ვალიდური დოკუმენტები არ აქვთ, საქართველოში არ უშვებენ. მათ არც უკრაინაში და არც რუსეთში სურთ დაბრუნება. ამის გამო, როგორც ადვოკატი დარია სამადუროვა ამბობს გაჭედილები აღმოჩნდნენ, გაუსაძლის პირობებში.

რა ხდება

შარშან აგვისტოში, უკარიანში დაბრუნდა სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი, რუსეთიდან დეპორტირებული 65 უკრაინის მოქალაქე. მაშინვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა და საზღვარზე რჩებოდა უკრაინის 22 მოქალაქე და იმედს გამოთქვამდა, რომ პროცესი არ გაჭიანურდებოდა და ისინი შეძლებდნენ სამშობლოში დაბრუნებას.

შარშანვე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 109 უკრაინელია გაყვანილი და უწყება „აგრძელებს მუშაობას იმ დარჩენილი მოქალაქეების დასაბრუნებლად, რომლებმაც უკრაინაში რეპატრიაციის სურვილი გამოთქვეს“.

სწორედ ამ დარჩენილი ადამიანებიდან 17, ამ დრომდე რჩებოდა საზღვარზე. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა დარია სამადუროვამ გაავრცელა.

ასევე ნახეთ

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დააბრუნეს

როგორც ის ეუბნება რადიო თავიუსფლებას ამ ადამიანებს არ აქვს დოკუმენტირებული საქართველოში არშემოშვების მიზეზი და “ფაქტობივად ამ პირებს შსს აკავებს და ათავსებს შსს-ს კონროლირებად შენობის სარდაფში, უმძიმეს პირობებში“.

სამადუროვა შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული და გასამართლებულები არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის” იურიდიულად დაუსაბუთებელს უწოდებს, ვინაიდან, მისი თქმით, ამ ადამიანებს მოხდილი აქვთ სასჯელი.

ადვოკატის თქმით, დაუკავშირდა სახალხო დამცველსაც. თუმცა ჯერჯერობით საკითხის გადაწყვეტა ვერ ხერხდება.

ომბუდსმენის ოფისიდან რადიო თავისუფლებაც ელოდება პასუხს.

გაუსაძლის პირობებში ვართ

რადიო თავიუფლება ტელეფონით ესაუბრა ნეიტრალურ ზონაში მყოფ უკრაინის მოქალაქეს, 35 წლის ნიკოლაი კისილს. ის უკვე 11 თვეა იმყოფება დარიალის გამშვებ პუნქტში.

"აქ საშინელი პირობებია, ანტისანიტარია, ტაშტი დგას და ჭიქა ტუალეტში რითიც ვიბანთ. ხალხი შემოდის ტუალეტში გხედავენ როგორ იბან. კვებაც, როგორც ასეთი არ არის. მოხალისეებს თვეში ერთხელ მოაქვეთ საკვები. ადრე წითელი ჯვარი გვეხმარებოდა, წითელი ჯვარსაც 3-4 თვეა არაფერი მოუტანია არ გვეხმარება, უხეშად რომ ვთქვათ დღეში ერთხელ ვჭამთ. 75 კილოგრამი ვიყავი როცა მოვედი, ახლა 60 თუ ვიქნები", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკოლაი კისილი.

მისი თქმით, სარდაფში არიან დაავადებული ადამიანები, ისინი ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას.

ნიკოლაი 2015 წლიდან რუსეთში იხდიდა სასჯელს, 2025 წლის მარტში გაათავისუფლეს ციხიდან და მოათავსეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დროებითი მოთავსების ცენტრში, დაახლოებით სამი თვის შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს, ცენტრის უფროსმა უთხრა რომ "საქართველო იღებს დევნილებს და სთავაზობს თავშეფარს". კისილის თქმით, მანამდე მისი ერთი ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე, რომელსაც მასავით ვადაგასული პასპორტი ჰქონდა საქართველოში შეუშვეს და თავშესაფარიც მისცემს.

"მეც მეგონა რომ ასე შემიშვებდნენ საქართველოში, მოხდა ისე რომ ჩამომართვეს საბუთები და გამიშვეს სარდაფში".

როგორც ნიკოლაი ჰყვება, რამდენიმე თვეში მათ უკრაინის კონსულმა სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა რაზეც წერილობითი დასტური იყო საჭირო.

"ჩვენთან მოვიდა უკრაინის კონსული, გაგვესაუბრა, გვკითხა თუ არიან უკრაინაში წასვლის მსურველები, შეგიძლიათ წახვიდეთ უკრაინაშიო. ორ ჯგუფად გავიყავით. პირველი ჯგუფი წავიდა - 65 ადამიანი იყო. ისინი ოდესაში საავადმყოფში მოათავსეს და შემდეგ დანაყოფებში გაანაწილეს, სასწავლო ცენტრში გაუშვეს და ომში გაგზავნეს, ალბათ ცოცხლებიც აღარ არიან", - ამბობს კისილი.

მისი თქმით, იმის შიშით რომ მათაც საომრად გაგზავნიან, რისი სურვილიც არ აქვთ, უკრაინაში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ.

"ჩემი მოთხოვნაა მესამე ქვეყანაში მოხვედრა, მათ შორის საქართველოში, ჩემთვის სულ ერთია, უკრაინაში არ მინდა. სასჯელს როცა ვიხდიდი უკრაინის საელჩოს და საკონსულოს რამდენჯერმე მივმართე, რომ ჩემი უკრაინაში ექსტრადირება მომხდარიყო, უკრაინა არაფერში არ დამეხმარა... ჩვენ ვცდილობთ იმის მიღწევას რომ საბუთები გაგვიკეთონ, პასპორტები და შემდეგ ან ჩვენით წავალთ, ან საქართვლოში შეგვიშვებენ, რომ ადამიანურად ვიცხოვროთ", - ამბობს ის.


ასევე ნახეთ

საქართველოს საზღვრიდან ფრონტზე? - რას ჰყვებიან რუსეთის ციხეებიდან სამშობლოში დაბრუნებული უკრაინელები

რადიო თავისუფლება უკრაინის საელჩოსგან ცდილობს პასუხის მიღებას, ამ საკითხთან დაკავშირებით.

შსს-ს პოზიცია

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის მყოფი 17 პირის სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან"

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.

ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში" მყოფი პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას ახორციელებს".

რადიო თავისუფლება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც დაუკავშირდა. იმის გასარკვევად, შეუძლია თუ არა ამ ორგანიზაციას სასაზღვრო პუნტში მყოფი უკრაინის მოქალქეებისთვისთვის დახმარების აღმოჩენა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შარშან ზაფხულში ორგანიზაცია მონაწილებდა სხვადასხვა შეხვედრაში, სადაც განიხილებოდა ამ ადამიანებისთვის გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი.

"ამ ფორმატში შევთანხმდით, რომ წითელი ჯვრის საქართველოს საზოგადოება გაუწევდა დახმარებას ეს იყო საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ვენტილატორები, საშხაპე კაბინები და ა.შ. ხუთი სხვადასხვა ტრანშის საშუალებით მიეწოდა ამ ადამიანებს ეს დახმარება. შემდეგ მოხდა ამ ადამიანების დაბრუნება უკრაინაში. ამ ნაწილში ჩვენ არ ვმონაწილებდით", - უთხრეს რადიო თავისუფლებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში

რაც შეეხება მიმდინარე პროცესს „დიალოგი ნებისმიერ ხელისუფლებასთან კონფიდენციალური ხასიათისაა", - ამბობენ ორგანიზაციაში.