რუსეთს სურს სახელმწიფო VPN-ის შემოღება. რა დაბრკოლებები შეიძლება გაჩნდეს?

საილუსტრაციო ფოტო: რუსები სულ უფრო ხშირად მიმართავენ კომერციულად ხელმისაწვდომ VPN-ებს არაცენზირებული ახალი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად.

2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ცენზურის ფარდა ჩამოუშვა - როგორც აშკარა, ისე შეფარული.

ცენზურა დაწესდა კონფლიქტის შესახებ ახალი ამბების, განსხვავებული აზრისა და დისკუსიის მიმართ, არაფერი რომ არ ვთქვათ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით.

ამის საპასუხოდ რუსეთის მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო კერძო ვირტუალური ქსელების (VPN-ების) გამოყენება - ონლაინ ინსტრუმენტისა, რომელიც ფარულს ხდის მომხმარებლის ადგილმდებარეობას და გაუფილტრავი ინფორმაციის კითხვის საშუალებას იძლევა მთავრობის ჩაურევლად.

ამან გამოიწვია რუსეთის რეგულატორების უკმაყოფილება, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის გავლენიან სადაზვერვო სამსახურებზე. ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს ან საერთოდ უკანონოდ გამოაცხადოს VPN-ების გამოყენება.

ასევე ნახეთ

„პუტინი პატივისცემას კარგავს“ - როგორ შეარყია ომმა და ინტერნეტის ბლოკირებამ რუსეთში ხელისუფლებისადმი ნდობა

„როსკომნადზორმა“, უწყებამ, რომელიც კრემლის მიერ ინტერნეტის რუსული სეგმენტის შეზღუდვის მცდელობების უმეტესობას ხელმძღვანელობდა, როგორც იტყობინებიან, პრობლემის გადასაჭრელად საკუთარი ახალი იდეა წამოაყენა: მთავრობის მიერ მართული VPN.

„ეს ცნობა უთუოდ იწვევს განცვიფრებას. VPN სერვისი, რომელსაც სახელმწიფო უჭერს მხარს და რომელიც თავად სახელმწიფოს მიერ დაწესებული აკრძალვებისთვის გვერდის ასავლელადაა გამიზნული, არალოგიკური ჩანს,“ თქვა ლონდონის ანალიტიკური ცენტრის, Chatham House-ის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის მკვლევარმა ნატალია კოვალიოვამ. „მართალია, ვერ განვსჯი, რამდენად შესაძლებელია ამ წინადადების ტექნიკურად განხორციელება, მაგრამ ამ იდეის მიმართ ერთობ სკეპტიკურად ვარ განწყობილი“.

კოვალიოვა მარტო არ არის.

„ეს უბრალოდ ხუმრობაა: ჯერ ყველაფერს ბლოკავ, მერე ქმნი სახელმწიფო VPN-ს, რათა გვერდი აუარო დაბლოკვას,“ დაწერა ემიგრაციაში მცხოვრებმა რუსმა ჟურნალისტმა დმიტრი კოლეზევმა, რომელსაც დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი „რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის“. „ასევე ეს სავარაუდოდ ძალზე ძვირი ჯდება! როგორც ამბობენ, ეს ძალიან კარგი ბიზნესია“.

„უმწეო და განუხორციელებელი“
ამ იდეის შესახებ ინფორმაციამ ონლაინგამოცემა The Bell-ში გაჟონა მალევე მას მერე, რაც „როსკომნადზორმა“ ის წარმოადგინა 8 ივნისის შეხვედრაზე, რომელსაც, როგორც იტყობინებიან, რუსეთის რამდენიმე წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

The Bell-ის თანახმად, „როსკომნადზორის“ დირექტორის მოადგილემ, ოლეგ ტერლიაკოვმა, განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ მართულ VPN-ს ურჩევენ IT დეველოპერებსა და პროგრამისტებს, „ვისაც მართლა სჭირდება ის“ რუსეთის გარეთ მდებარე რესურსებზე წვდომისთვის. უწყება ასევე დახმარებას გაწევს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში, რომლებსაც შეიძლება შეეჩეხონ რუსეთის IT კომპანიები სახელმწიფო VPN-ის გამოყენების პროცესში, უცხოეთის ონლაინ-ინსტრუმენტებზე წვდომის ჩათვლით.

გამოცემა The Bell-ის ცნობით, IT კომპანიების წარმომადგენლები, ისეთებისა, როგორებიცაა Yandex, VK, InfoWatch და Positive Technologies, ამ საკითხს თავშეკავებულად შეხვდნენ. ზოგიერთმა კი შეშფოთება გამოთქვა ტექნოლოგიური რეგულატორის მიერ მათთვის წვდომის შეწყვეტის შესახებ.
ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

„როსკომნადზორმა“ არ უპასუხა კომენტარის თაობაზე თხოვნას.

ასევე ნახეთ

ჩინეთის „ინტერნეტის ცენზორი“ თბილისსა და ბაქოში - AI, Data-ცენტრები, Deep Fake-ებთან ბრძოლა

მაგრამ IT სფეროში მომუშავე კიდევ ერთმა წამყვანმა ბიზნესმენმა იგორ აშმანოვმა, რომელიც ქვეყნის IT სფეროს ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი ხელმძღვანელის, ნატალია კასპერსკის ქმარია, თავის კერძო ბლოგში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამ იდეას უწოდა „უსუსური და ტექნიკურად განუხორციელებელი“.

მოგვიანებით აშმანოვის ბლოგპოსტი აიღეს. მასთან ვერ მოხერხდა კომენტარისთვის დაკავშირება.

„სუვერენული ინტერნეტი“
თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მოთოკოს ინტერნეტის თავისუფალი რუსული სეგმენტი. საამისოდ იყენებენ კანონმდებლობის, აღჭურვილობის, მომხმარებელთა იძულებისა და დარგის ძალდატანებითი კონსოლიდაციის მეთოდების კომბინაციას.

მიზანი იყო „სუვერენული ინტერნეტის“ შექმნა, რომელსაც მთავრობის ფხიზელი თვალი გააკონტროლებდა.

ამ ძალისხმევამ ახალი იმპულსი შეიძინა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვინაიდან ოფიციალური პირები შეეცადნენ შეეზღუდათ ისეთი რამეების შესახებ ინფორმაცია, როგორებიცაა სამხედრო დანაშაულები, მსხვერპლის რაოდენობის სწრაფი ზრდა ან უბრალოდ რუსეთის არმიის არადამაკმაყოფილებელი წარმატებები.

უკანასკნელ ხანებში უკრაინამ მნიშვნელოვნად გააფართოვა საკუთარი შესაძლებლობები უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში. კერძოდ, ისინი რუსეთის ფიჭურ მონაცემთა ქსელებს იყენებენ იარაღის სამიზნემდე მისაყვანად.

თავდასხმების თავიდან ასაცილებლად რუსეთის ხელისუფლებამ მობილური ინტერნეტის გათიშვას მიმართა, ჯერ საზღვრისპირა რაიონებში, უკანასკნელ ხანებში კი თავად მოსკოვშიც, რაც ერთობ არაპოპულარული ნაბიჯი იყო ქსელში ჩართული მოსკოველებისთვის.

უკანასკნელ თვეებში ტელეგრამი - ქვეყანაში ტექსტური შეტყობინებების გაცვლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული აპლიკაცია - სერიოზულად დაბლოკეს, სავარაუდოდ, უშიშროების ფედერალური სამსახურის, ფსბ-ს მითითებით.

პრობლემა ტელეგრამთან დაკავშირებით - აპლიკაციასთან, რომელიც ტექნოლოგიის რუსი დეველოპერის, ამჟამად ევროპაში მცხოვრები პაველ დუროვის მიერ არის შექმნილი - უფრო მწვავეა რუსეთის რიგითი მოქალაქისთვის, რუსეთის ტექნოლოგიური ინდუსტრიისა და თავად კრემლის პოლიტიკური ელიტისთვისაც.

ასევე ნახეთ

СССР-დან WWW-მდე… და უკან? მიხაილ ეპშტეინი – რუსეთში ელექტრონული ფარდის შესახებ

როგორც The Bell იტყობინებოდა ადრე, პუტინმა ფსბ-ს მეორე სამმართველოს, რომელიც უფრო ცნობილია გარდაცვლილი ანტიკორუფციული აქტივისტის, ალექსეი ნავალნის თვალთვალით, უფლება მისცა, შეენელებინა ინტერნეტი და შეეზღუდა ტელეგრამი.

თუმცა, პრეზიდენტის გავლენიან ადმინისტრაციაში ამან პრობლემები წარმოშვა. იქ მინისტრები პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის მკაცრად მართული პოლიტიკური სისტემის უზრუნველყოფაზე და მათთვის ტელეგრამი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ხელისუფლებამ ასევე სცადა ტელეგრამის სრულად ჩანაცვლება, მხარი დაუჭირა ადგილობრივად შექმნილ შეტყობინებების აპლიკაციას, Max-ს, და აქტიურად ეწეოდა მის პოპულარიზაციას.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსები უხალისოდ იღებენ აპლიკაციას.

„ყველაფრის უბრალოდ გამორთვა შეუძლებელია“
The Bell-ის ცნობით, „როსკომნადზორსა“ და ინდუსტრიის ლიდერებს შორის შეხვედრის მთავარი მიზეზი იყო ონლაინპლატფორმებზე წვდომა, რომლებსაც მთელს მსოფლიოში იყენებენ სოფტვერების დეველოპერები კოდისა და პროგრამირების პროექტების შესაქმნელად და სამართავად, როგორიცაა GitHub.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, რუს დეველოპერებს ამ პლატფორმების გამოყენება შეეზღუდათ და ამიტომ კომერციულად ხელმისაწვდომი VPN-ები აირჩიეს.

VPN-ების შეზღუდვამ, ან, მით უმეტეს, მათი გამოყენების კრიმინალიზაციამ, შესაძლოა, რუსეთის IT ინდუსტრია ფაქტობრივად გაანადგუროს. მხოლოდ სახელმწიფო VPN-ზე წვდომამ შესაძლოა იგივე შედეგი გამოიღოს.

„რუსეთი ჯერ კიდევ მჭიდრო კავშირშია გლობალური ინტერნეტის ინფრასტრუქტურასთან და ყველაფრის უბრალოდ გამორთვა შეუძლებელია“, თქვა ალიონა ეპიფანოვამ, გერმანიის საგარეო ურთიერთობების საბჭოს მკვლევარმა და ციფრული უსაფრთხოების ექსპერტმა.

„მიზანია ყველაფრის დახურვა, მაგრამ ხალხისთვის რამდენიმე ვებსაიტისა ან მესინჯერის სერვისის დატოვება კომუნიკაციისა და ახალი ამბების, ან ე.წ. ახალი ამბების საკითხავად“, თქვა მან.

მაგრამ დეველოპერებისა და პროგრამისტებისთვის „საქმე ეხება ინტერნეტის ბუნებას, კოდს, რომელიც საზღვრებს არ ცნობს, საქმე ეხება თანამშრომლობას, სოფტვერის დახურული პრობლემების გადაჭრის გზების პოვნას“.

„რუსეთმა გარკვეულწილად შექმნა საკუთარი სუვერენული ინტერნეტი“, თქვა მან. „სახელმწიფომ გადაწყვიტა: სრული ცენზურა, სრული მეთვალყურეობა, სრული სახელმწიფო კონტროლი. სრული სვლით წავიდნენ ამ მიმართულებით. მაგრამ მაშინ ვერ გექნებათ ეროვნული IT ინდუსტრია.“