გარდაიცვალა ტაილანდის პრინცესა, რომელსაც ბევრი ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევდა

ტაილანდში გლოვობენ პრინცესა ბაჯრაკიტიაბჰას გარდაცვალების გამო.

47 წლის ასაკში გარდაიცვალა ტაილანდის პრინცესა ბაჯრაკიტიაბჰა. ის სამი წლის განმავლობაში კომაში იყო.

ტაილანდის პრინცესა ცნობილი იყო ქალი პატიმრების უფლებების დაცვითა და ქვეყნის სისხლისსამართლებრივი სისტემის რეფორმირების ინიციატივით.

ტაილანდის სამეფო ოჯახის კანცელარიამ 12 ივნისს გამოაცხადა, რომ პრინცესა ბანგკოკის საავადმყოფოში გარდაიცვალა 11 ივნისს, საღამოს.

ბაჯრაკიტიაბჰა ტაილანდის მეფე რამა მეათის უფროსი ქალიშვილი და პირველი ქორწინებიდან ერთადერთი შვილი იყო. მას ბევრი ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევდა მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდს ქალი მონარქი არასდროს ჰყოლია. ტაილანდის მეფეს კიდევ ორი ქორწინებიდან ჰყავს ხუთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

ტაილანდის პრინცესა საავადმყოფოში 2022 წლის დეკემბერში მოათავსეს უგონო მდგომარეობაში. ექიმების თანახმად, გულის შეტევა გამოიწვია ინფექციამ სისხლის მიმოქცევის სისტემაში. მას შემდეგ პრინცესა კომაში იყო.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ჩანვირაკუნმა პრინცესას უწოდა „ტაილანდის სიამაყე“ და განაცხადა, რომ მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია მთელი ტაილანდელი ხალხისთვის.

ტაილანდელი ქალები პრინცესა ბაჯრაკიტიაბჰას ფოტოებით ბანგკოკის კლინიკაში, სადაც ის გარდაიცვალა. 2026 წლის 12 ივნისი

ბაჯრაკიტიაბჰამ უმაღლესი განათლება ჯერ სამშობლოში მიიღო, შემდეგ კი სამართლის მაგისტრის და დოქტორის ხარისხი აშშ-ში, კორნელის უნივერსიტეტში.

მუშაობდა გაეროში ტაილანდის მისიაში. 2012-2014 წლებში იყო ტაილანდის ელჩი ავსტრიაში. პრინცესა საქმიანობდა ტაილანდის გენერალურ პროკურატურაშიც. 2021 წელს მეფე რამა მეათემ პრინცესა დანიშნა პირადი დაცვის ხელმძღვანელად და გენერლის წოდება მიანიჭა.