მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას - კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „მივესალმებით აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე მიესალმება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ შეთანხმებას.

„მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას“, - წერს ირაკლი კობახიძე პლატფორმა X-ზე 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჩვენ ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას“, - წერს იგი და დასძენს:

„კვლავ ვიმედოვნებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებას და კონფლიქტის გრძელვადიანად მოგვარებას“.

„შეთანხმება მიღწეულია“

ორ ქვეყანას შორის შუამავალმა პაკისტანმა 15 ივნისს განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება მიღწეულია.

პაკისტანის პრემიერმინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა თქვა, რომ ორივე მხარემ გამოაცხადა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივი და სამუდამოდ შეწყვეტის შესახებ ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში.

მისივე ცნობით, შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.

ასევე ნახეთ

ირანი: აშშ-თან შეთანხმებამ ომი „დაუყოვნებლივ დაასრულა.“ დონალდ ტრამპი: ირანთან შეთანხმება “მშვიდობას” მოიტანს მთელს ახლო აღმოსავლეთში

გაეროს გენერალური მდივანი, ანტნიუ გუტურეში მიესალმა აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებას, როგორც „მნიშვნელოვან ნაბიჯს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე პარასკევს 19 ივნისს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ხელახლა გაიხსნება.

ტრამპმა Truth Social-ში თქვა ასევე, რომ „ეს დიდი შეთანხმება მთელ რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოიტანს“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ქაზემ ღარიბაბადის თანახმად, „ომის სამუდამოდ და დაუყოვნებლად დასრულება გამოცხადდა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში“.

ირანის „მეჰრის“ სააგენტო იტყობინება, რომ ირან-აშშ-ს შორის საბოლოო შეთანხმებას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაამტკიცებს.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და ირანმა მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას - პაკისტანის პრემიერი

კონტექსტი

  • 2026 წლის თებერვალში აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის დროს მოკლული იქნა არაერთი სამხედრო და პოლიტიკური მეთაური, მათ შორის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი;
  • ირანის არაერთი მნიშვნელოვანი სამხედრო და სამოქალაქო ობიექტი განადგურდა, იყო მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში;
  • ირანმა საპასუხოდ დაარტყა ისრაელის, ასევე აშშ-ის სამხედრო ობიექტებს თავის მეზობელ არაბულ ქვეყნებში;
  • ომში ირანის მოკავშირე ლიბანის ჰეზბოლა ჩაერთო, რომელმაც რაკეტები გაისროლა ისრაელის მიმართულებით, რასაც ლიბანზე ისრაელის თავდასხმები მოჰყვა;
  • ირანში ომმა მოიტანა ეკონომიკური კრიზისი, რადგან თეირანმა გადაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიოს ომამდე მიეწოდებოდა ნავთობის და გაზის მეხუთედი. აშშ-მა გადაკეტა ირანის ნავსადგურებთან მიმავალი გზები;
  • აპრილში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკება პაკისტანის შუამავლობით.

ასევე ნახეთ

ირანელები კიდევ უფრო გაღატაკდნენ ომით დანგრეული ეკონომიკის პირობებში