უკრაინას ექნება საკუთარი ბალისტიკური სისტემა, რომლითაც შეძლებს დარტყმების განხორციელებას რუსეთზე, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა უკრაინულ იუტუბარხ „ტე-ეს-ესნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მის ციტატებს სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს. „შემიძლია ჩვენი პრეზიდენტის ციტირება, რომ იქნება უკრაინული ბალისტიკა და ის განახორციელებს დარტყმებს რუსეთზე“ - განაცხადა ფედოროვმა, რომლის შეფასებით, უკრაინულ ბალისტიკას ომის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია:
„ის მსოფლიოში უკრაინის სტატუსს შეცვლის. ჩვენ ის ბევრჯერ შევცვალეთ. ეს საერთოდ სხვა ლიგაა. ამიტომ, არ მინდა, ერთი მხრივ, ზედმეტი მოლოდინების შექმნა, მეორე მხრივ - მტრისთვის რამის კარნახი“.
ჟურნალისტის შეკითხვას - არის თუ არა უკრაინის 2027 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ხარჯები ბალისტიკის შესაძენად, ფედოროვმა უპასუხა, რომ „არ არსებობს არანაირი ფინანსური პრობლემა უკრაინული ბალისტიკის შექმნისთვის“.
„უნიანი“ სამხედრო ექსპერტ, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ სერგეი ჰრაბსკიზე დაყრდნობით წერდა, რომ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდება, უკრაინული ანტისარაკეტო სისტემების შექმნა შესაძლებელი იქნება 2027 წელს. ჰრაბსკის თანახმად, პირველი წელი არ არის, რაც უკრაინა საკუთარ ბალისტიკურ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე ცდის, თუმცა ჯერჯერობით მასობრივი წარმოება არ გააჩნია. ექსპერტის განმარტებით, ბალისტიკური რაკეტების წარმოება ძვირი ჯდება. უკრაინას არ ჰქონია ოპერატიულ-ტაქტიკური დონის ბალისტიკური რაკეტებისა და ანტისარაკეტო რაკეტების წარმოების გამოცდილება.
„უნიანს“ საავიაციო ექსპერტმა კონსტანტინ კრივოლაპმა უთხრა, რომ არ გამორიცხავს - უკრაინამ მიმდინარე ზაფხულშივე რუსეთის ღრმა ზურგში გამოსცადოს ბალისტიკური რაკეტა FP-9.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისმ დიდი შვიდეულის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან განიხილა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის საკითხი. უკრაინის პრეზიდენტმა 16 ივნისს აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საშუალო და შორი მანძილის დარტყმებს უკრაინა საკუთარი წარმოების რაკეტებით ახორციელებს.