აშშ-ის და ირანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ცალ-ცალკე მოაწერეს.

ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის პრეზიდენტებმა მშვიდობის მისაღწევად ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ცალ-ცალკე ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მათ შორის ლიბანში და ირანისთვის სანქციების მოხსნას. ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დოკუმენტს ხელი 17 ივნისს ღამით მოაწერა პარიზში, ვერსალის სასახლეში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერთა სამიტის მონაწილეებს.

თეთრმა სახლმა ხელმოწერის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმაც.

სააგენტო IRNA-მ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ფეზეშქიანს ხელში უჭირავს ხელმოწერილი მემორანდუმი.

14-პუნქტიანი მემორანდუმი

17 ივნისს თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს გააცნეს აშშ-ირანის 14-პუნქტიანი მემორანდუმი, რომელსაც საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება დაეფუძნება. ძირითადი პუნქტებია:

  • საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში;
  • აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტა 30 დღის განმავლობაში და შემდეგ ირანის საზღვრებიდან ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა 30 დღის განმავლობაში;
  • ჰორმუზის სრუტის გახსნა. 60 დღის განმავლობაში ნაოსნობა გადასახადის გარეშე. შემდეგ ირანმა ომანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს ჰორმუზის სრუტის შესახებ ფართო და გრძელვადიანი შეთანხმება;
  • ირანი არასდროს შექმნის და არ შეიძენს ბირთვულ იარაღს. ირანი და აშშ ითანამშრომლებენ ირანის გამდიდრებული ურანის ლიკვიდაციის მიზნით;
  • ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმება;
  • აშშ რეგიონში თავის პარტნიორებთან ერთად შექმნის ფონდს (სულ მცირე 300 მილიარდი აშშ დოლარი) ირანის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 ივნისს განაცხადა, რომ თუ ირანი ვალდებულებებს არ შეასრულებს, სამხედრო ოპერაცია განახლდება.

ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა, რომელიც ჩართული იყო აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ თუ აშშ თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, ამას არც ირანი გააკეთებს.

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენელთა ოფიციალური შეხვედრა 19 ივნისს შვეიცარიაში უნდა გაიმართოს.

  • 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზეზად დაასახელეს თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობით გამოწვეული საფრთხე.
  • საბრძოლო მოქმედებები განახლდა ისრაელსა და ლიბანში ირანის მხარდამჭერ ჰეზბოლას შორისაც.
  • ირანმა აშშ-ისრაელის ოპერაციას უპასუხა დარტყმებით ისრაელზე და რეგიონში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებზე და მსოფლიო ბაზრებისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემა და გაძვირება გამოიწვია.
  • თავის მხრივ, აშშ-მა დაბლოკა ირანის პორტები.
  • საომარმა მოქმედებებმა დიდი მსხვერპლი გამოიწვია ირანის და ლიბანის სამოქალაქო მოსახლეობაში. ესკალაციას მსხვერპლი მოჰყვა ისრაელსა და აშშ-ის მოკავშირე სხვა ქვეყნებშიც.
  • 2026 წლის 7 აპრილიდან აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მიზნით.
  • 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს პაკისტანის და სხვა შუამავლების მონაწილეობით.