სომხეთის საარჩევნო კომისიამ ნებართვა გასცა ქოჩარიანის სამართლებრივ დევნაზე

რობერტ ქოჩარიანი, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნებართვა გასცა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ოპოზიციური ალიანსის, "სომხეთის" ლიდერის, რობერტ ქოჩარიანის, ალიანსის წევრების - ასატურ ქოჩარიანის, რუსლან ბარსეგიანის, ასევე ბლოკ "ძლიერი სომხეთის" წევრების, დავიდ კაზინიანის და აშოტ ეგიაზარიანის წინააღმდეგ. ამ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.

ქოჩარიანს ბრალად ედება თანამდებობით ბოროტად სარგებლობა და ფულადი სახსრების გათეთრება. მეორე საქმე - მისი ადვოკატის, არამ ორბელიანის განცხადებით - ეხება 2004 წელს შემდგარ საიჯარო გარიგებას მიწის მონაკვეთზე, კომპანიასთან, რომელიც ფლობდა ჩოგბურთის კორტ "მასტერკლასს" და რომელშიც წილი 2008 წელს შეისყიდა ქოჩარიანის შვილმა, სედრაკმა. იმ მომენტში ქოჩარიანი უკვე აღარ იყო სომხეთის პრეზიდენტი, ხოლო მისმა შვილმა კომპანიის წილში "საკმაოდ მსხვილი თანხა" გადაიხადა - აცხადებს ადვოკატი, რომელიც ამტკიცებს, რომ 2004 წლის გარიგებასთან ქოჩარიანის ოჯახის წევრებს კავშირი არ ჰქონიათ.

მანამდე ქოჩარიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. ეს ცნობილი გახდა აეროპორტში, როცა ის სამდღიანი "პირადი ხასიათის" ვიზიტით აპირებდა უცხოეთში გამგზავრებას. მისმა შვილმა, ლევონ ქოჩარიანმა მედიას უთხრა, რომ მამამისი რუსეთში მიემგზავრებოდა.

დავიდ კაზინიანი არის კომპანია "სომხეთის ელექტროსადენების" ყოფილი გენერალური დირექტორი - ეს კომპანია ეკუთვნის "ძლიერი სომხეთის" ლიდერს, მილიარდერ სამველ კარაპეტიანს. კაზინიანს ადანაშაულებენ ამომრჩევლებისთვის ქრთამის გადახდის მომზადებაში. მედიის მონაცემებით, მისი სახელი ჩნდება ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც ანტიკორუფციულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა. აცხადებენ, რომ იგი, პარტიის მომხრეებთან და თავის მოკავშირეებთან ერთად, გეგმავდა ამომრჩევლისთვის ჯილდოების გადახდას. ანტიკორუფციულმა სასამართლომ კაზინიანი ორი თვით გაუშვა პატიმრობაში.

7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 ივნისს გამოაცხადა ამ კენჭისყრის საბოლოო შედეგები - პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ძალას, "სამოქალაქო შეთანხმებას" ერგო ხმათა 49,745%, ხოლო კარაპეტიანის პრორუსული ორიენტაციის მქონედ მიჩნეულ "ძლიერ სომხეთსა" და ქოჩარიანის ალიანსს "სომხეთი" - 23,271% და 9,923%, შესაბამისად. ცარუკიანის "აყვავებულმა სომხეთმა" ხმების 3,989% მიიღო და პარლამენტში ვერ მოხვდა.

ოპოზიცია ხელისუფლებას დარღვევებში ადანაშაულებს.

საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ერევანსა და მოსკოვს შორის კავშირების დაძაბვის ფონზე.

ასევე ნახეთ

სომხეთიდან არ გაუშვეს არც ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდა