Bloomberg: რუსეთმა, შესაძლოა, თავდაცვის ხარჯები გაზარდოს 4-5 ტრილიონი რუბლით

Bloomberg: რუსეთმა, შესაძლოა, თავდაცვის ხარჯები გაზარდოს 4-5 ტრილიონი რუბლით, 2025 წლის 18 ივნისი

რუსეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას უკვე 2026 წელს საომარი ხარჯები გაზარდოს კიდევ ოთხი-ხუთი ტრილიონი რუბლით (54-68 მილიარდი ამერიკული დოლარით) - რაც დაახლოებით 40 პროცენტით აჭარბებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახსრებს. ამ ცნობას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო Bloomberg-ი.

სააგენტოს მონაცემებით, დამატებითი ხარჯების ნაწილის დაფარვა იგეგმება შიდა ბაზარზე ახალი სესხებით, ორი-სამი ტრილიონი რუბლის მოცულობით.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს უკვე არსებული შიდა დავალიანების მომსახურება დაახლოებით ოთხ ტრილიონ რუბლს შეადგენს. ესაა ფედერალური ბიუჯეტის სიდიდით მეხუთე მუხლი, თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, სოციალური პოლიტიკის და ეკონომიკის შემდეგ.

სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა მიაღწია ექვს ტრილიონ რუბლს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 2,6 პროცენტს - რაც წლის სამიზნე მაჩვენებელს დაახლოებით 60 პროცენტით აჭარბებს.

Bloomberg-ი მანამდე იუწყებოდა, რომ ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აფრთხილებდნენ საფრთხეზე, რომელსაც საომარი ხარჯების ზრდა უქმნიდა ბიუჯეტის მდგრადობას. სააგენტოს წყაროთა მონაცემებით, პუტინმა გასცა დავალება სხვა სფეროებში მოძებნილიყო ხარჯების შემცირების გზები - თავდაცვის ბიუჯეტის ხელშეუხებლად დატოვებით.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის მიუხედავად, ნავთობით და გაზით მიღებული დამატებითი მოგება რუსეთისთვის არ არის საკმარისი მზარდი საომარი ხარჯების დასაფარად - წერენ Bloomberg-ი და Financial Times-ი.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: დროა რუსეთის მოქალაქეები გამოფხიზლდნენ და დაიწყონ პუტინზე ზეწოლა