აშშ აცხადებს, რომ დაასრულა ირანის პორტებში მოძრავი ხომალდების ბლოკადა

ჰორმუზის სრუტე, 2026 წლის 18 ივნისი

აშშ-ის არმიამ დაასრულა საზღვაო მოძრაობის ბლოკადა, რომელიც დაწესებული იყო ირანის პორტებში და სანაპირო არეალებში შემავალი და გამომავალი ხომალდებისთვის.

ამ ცნობას პლატფორმაზე X ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM).

"დღეს აშშ-ის ძალებმა მოხსნეს ბლოკადა ირანის პორტებსა და სანაპირო არეალებში შემავალ და გამომავალ მთელ საზღვაო მოძრაობაზე, პრეზიდენტის მითითების შესაბამისად", - წერია განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის მხრიდან სამხედრო ბლოკადის ყველა ძალისხმევა დასრულებულია.

CENTCOM-ი დასძენს, რომ აშშ-ის საზღვაო ხომალდები რეგიონში რჩება, რათა მეთვალყურეობა გაუწიოს ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმების პირობების აღსრულებას.

ასევე ნახეთ

საიდან დავიწყეთ და სად ვართ ახლა - ირანის შეთანხმება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ ბოლო დღე-ღამეში ჰორმუზის სრუტეზე გაიარა 12,5 მილიონი ბარელის მოცულობის ნავთობმა - ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია კონფლიქტის დაწყების შემდეგ. მისი თქმით, ირანის ძალები უკვე ორი ღამის განმავლობაში არ ახორციელებენ სრუტეში ხომალდებზე თავდასხმებს.

ვენსი ასევე ამბობს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ოფიციალურად დაიწყო 60-დღიანი პერიოდი მოლაპარაკებებისთვის, რომელზეც საბოლოო ხელშეკრულება უნდა შეათანხმონ.

მემორანდუმი მხარეებმა გააფორმეს 17 ივნისის ღამეს. დოკუმენტი ითვალისწინებს კონფლიქტის დასრულებას, ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის აღდგენას და შემდგომი მოლაპარაკებების გამართვას ორ მხარეს შორის საკამათო საკითხების გარშემო.

ასევე ნახეთ

საიდან დავიწყეთ და სად ვართ ახლა - ირანის შეთანხმება