კობახიძე ტაჯიკეთშია: მან ისტორიული უწოდა ამ ვიზიტს

ტაჯიკეთში ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ემომალი რაჰმონს. კობახიძის შეფასებით, „უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ თანამშრომლობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს“.

„ჩვენს ხალხებს და ქვეყნებს აკავშირებს ისტორიულად ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლებიც არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, დღეს შედგა პირველი ვიზიტი უმაღლეს დონეზე საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. შესაბამისად, ეს ვიზიტი თავისი შინაარსით შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებულები ჩვენი ურთიერთობებისა და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მიმართულებით“, - თქვა კობახიძემ რაჰმონთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ტაჯიკეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს „ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის და ამავდროულად გავცვალეთ მოსაზრებები“. მისი თქმით, ინტერესია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთიბებისთვის ნაბიჯების გადადგმა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა „მიიღეს ერთობლივი კომუნიკე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ“.

„დოკუმენტი მოიცავს საჰაერო კომუნიკაციას, სასოფლო-სამეურნეო ტურიზმს, ასევე მეცნიერებას, განათლებას, კულტურას, სპორტს, კლიმატის ცვლილებას და სხვა საკითხებს. ასევე ორმხრივი ინტერესის მქონე სხვადასხვა თემებს. მოლაპარაკების დროს ჩვენ ხაზი გავუსვით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება. ჩვენ განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობები და ასევე პარლამენტარების დიპლომატიური როლის გაძლიერება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის“, - თქვა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ტაჯიკეთში დღეს, 19 ივნისს დაიწყო. ირაკლი კობახიძეს, რომელთან ერთადაც დელეგაციაში არიამ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც (მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, დავით სონღულაშვილი, თიკა რუხაძე) დუშანბეს აეროპორტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დახვდა.