ვაშინგტონსა და თეირანს შორის ომის დასამთავრებლად შემუშავებული შეთანხმების კონტურები, რომლებიც ცნობილი ხდება, მოიცავს მწვავე პარადოქსს: ირანისთვის შეღავათის დაშვებამ იმ მიზნით, რომ ის თანამშომლობას დათანხმდეს, შესაძლოა გააძლიეროს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ეკონომიკური გავლენა - ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, ანალიტიკოსებზე და წყაროებზე დაყრდნობით. დასავლეთის ქვეყნები ირანის ამ უწყებას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
სააგენტოს ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი წლების განმავლობაში სარგებლობდა სანქციების ჩრდილოვანი მხარით - აშენებდა კომერციულ ქსელებს, მათ შორის ნავთობის, მშენებლობის, გადაზიდვების, ტელეკომუნიკაციებისა და პორტების სფეროებში.
განხილვის პროცესში მყოფი შეთანხმების პირობების თანახმად, ირანმა, შესაძლოა, მოიპოვოს ნავთობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, ხოლო სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ - შეზღუდვების კიდევ უფრო ფართოდ გაუქმება და წვდომა ეკონომიკის აღდგენის ფონდთან, რომელიც 300 მილიარდამდე დოლარს მოიცავს.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, დიდი ალბათობით, შეინარჩუნებს საკვანძო პოზიციებს, არსებულ სავაჭრო სქემებზე და სანქციების პირობებში მუშაობის თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით. საბოლოო შედეგები დამოკიდებული იქნება შეზღუდვების მოხსნის მასშტაბზე და პოლიტიკური სიტუაციის შემდგომ განვითარებაზე.
პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი იუწყება, რომ გაუქმდა 19 ივნისს შვეიცარიაში დანიშნული შეხვედრა თეირანის და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის - რადგან მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ციფრულ ფორმატში მოეწერა ხელი.
შვეიცარიაში დამატებითი ცერემონიის ჩატარება საჭირო აღარ არის, თუმცა მხარეები გეგმავენ უახლოეს დღეებში ახალი შეხვედრა გამართონ - იუწყება ირანი.
მანამდე Financial Times-ი და CNN-ი იუწყებოდნენ, რომ მოლაპარაკება გადაიდო ლიბანში ვითარების ესკალაციის ფონზე. Financial Times-ის მონაცემებით, თეირანს სურს გარანტიის მიღება, რომ შეწყდება საბრძოლო მოქმედებები ისრაელსა და ჰეზბოლას შორის და ამ საკითხს უკავშირებს აშშ-სთან შეთანხმებაზე მოლაპარაკების შემდგომ განვითარებას.
პროირანული დაჯგუფება, ჰეზბოლა, აშშ-ს და ისრაელს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. ევროკავშირს შავ სიაში შეყვანილი ჰყავს მხოლოდ დაჯგუფების გასამხედროებული დანაყოფი, მაგრამ არა პოლიტიკური პარტია.
მოლაპარაკების გადადების მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯარედ კუშნერი უკვე შვეიცარიაში არიან - წერს გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით. თუმცა ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობები იმაზე, თუ როდის გაიმართება აშშ-ირანის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი.