ირანმა კვლავ გამოაცხადა, რომ დაიხურა ჰორმუზის სრუტე

ჰორმუზის სრუტე

ირანის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს ჰორმუზის სრუტის ხელახალ დაკეტვაზე საზღვაო მოძრაობისთვის - ამ ცნობას ავრცელებს ირანის სააგენტო Mehr.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ხომალდებს აფრთხილებს არ მიუახლოვდნენ ამ სრუტეს - რომელიც უმნიშვნელოვანესია ნავთობისა და გაზის გლობალური მიწოდებისთვის. ირანი ამის მიზეზად ასახელებს ისრაელის მხრიდან ლიბანის ტერიტორიაზე დარტყმების გაგრძელებას და აშშ-ის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების პირობების დარღვევას.

თეირანი აცხადებს, რომ სრუტის დახურვა "მხოლოდ პირველი" ნაბიჯია და გამოდის გაფრთხილებით, რომ სხვა ზომებსაც გაატარებს, საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ ვაშინგტონს ჯერჯერობით არ აქვს მტკიცებულება, რომ ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა შეჩერებულია. ვენსის თქმით, აშშ-ის სურს ირანთან შვეიცარიაში მოლაპარაკება უკვე კვირას გააგრძელოს. ვენსი ასევე ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკვე შვეიცარიაში არიან.

პარასკევს, 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და ჰეზბოლამ აშშ-ის შუამავლობით მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მაგრამ 20 ივნისის ღამით და შაბათს დილით ისრაელის არმიამ ახალი დარტყმები განახორციელა ჰეზბოლას სამიზნეებზე. ისრაელი აცხადებს, რომ ეს დარტყმები იყო პასუხი ჰეზბოლას იერიშებზე ლიბანის სამხრეთში, ისრაელის საბრძოლო პოზიციებზე.

პროირანული დაჯგუფება, ჰეზბოლა, აშშ-ს და ისრაელს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. ევროკავშირს შავ სიაში შეყვანილი ჰყავს მხოლოდ დაჯგუფების გასამხედროებული დანაყოფი, მაგრამ არა პოლიტიკური პარტია.

აშშ-მა და ირანმა კონფლიქტის შეწყვეტის ხელშეკრულებას 18 ივნისს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტად მოიხსენიებდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ჰორმუზის სრუტეში განახლდა ტანკერების მოძრაობა, ხოლო აშშ-მა ბლოკადა მოუხსნა ირანის პორტებს.

ასევე ნახეთ

Reuters: ირანისთვის სანქციების მოხსნა გააძლიერებს რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პოზიციებს