ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა

თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბიზნესმენი, საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურა, თემურ უგულავა, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს გაავრცელეს მისი გარემოცვის წევრებმა და მეგობრებმა, მოგვიანებით კი „აჭარა ჯგუფმა“.

თემურ უგულავა, - Rooms Hotels-ისა და Adjara Group-ის დამფუძნებელი, - 56 წლის იყო.

კომპანიის ცნობით, იგი ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში დასმული მძიმე დიაგნოზის შემდეგ იგი საზღვარგარეთ მკურნალობდა.

მის სახელს უკავშირდება Rooms-ის სასტუმროები თბილისში, ყაზბეგში, კოხტასა და ბათუმში, სასტუმრო „სტამბა“, „ლოლიტა“, ჰოსტელი „ფაბრიკა“, „უდაბნო“ და სხვა ბიზნესობიექტები საქართველოში.

თემურ უგულავა ფლობდა გემბლინგ კომპანია „აჭარაბეთსაც“, რომელიც 2019 წელს გაყიდა.

Adjara Group-ი წერს, რომ თემურ უგულავას წვლილი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში „განსაკუთრებულია“:

„მან შექმნა პროექტები, რომლებმაც არა მხოლოდ ქართული სტუმარ-მასპინძლობის, არამედ ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სახე შეცვალა.

წლების განმავლობაში აჭარა ჯგუფის თითოეული ბრენდის უკან თემურის იდეები, ენთუზიაზმი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იდგა. მისი სურვილი იყო, საქართველოს ჰქონოდა უნიკალური, საინტერესო, ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი სივრცეები, სადაც თითოეული ადამიანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმარი, საკუთარ ადგილს იპოვიდა.

მას გულწრფელად სჯეროდა საქართველოს უნიკალურობის და სურდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა, ადამიანები, ბუნება და შესაძლებლობები. მისი პროექტების დამსახურებით საქართველო ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა და შეიყვარა.

ჩვენი ტკივილი განუზომელია და დღეს გვიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, აჭარა ჯგუფის მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მისი მემკვიდრეობა, გავაგრძელოთ მისი დაწყებული საქმე და ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორისაც თავად სჯეროდა.

მისი ხედვა, ღირებულებები და სიყვარული საქართველოს მიმართ ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად“, - წერია კომპანიის განცხადებაში.