23 ივნისს დილის 09:00 საათიდან დაახლოებით 10:30 საათამდე თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობდა.
კერძოდ, მგზავრებს არ იღებდა პირველი ხაზი - ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, მატარებელს პრობლემა შეექმნა მეტროსადგურ რუსთაველზე, ხოლო სადგურების ასამუშავებლად საჭირო იყო შემადგენლობის სპეციალურ ჩიხში გადაყვანა.
მოძრაობა დაახლოებით 10:30 საათისთვის აღდგა.
ჩვეულებრივ, დედაქალაქის მეტროპოლიტენი, - რომელიც ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა, - მგზავრებს ემსახურება ყოველდღე, 06:00 საათიდან 00:00 საათამდე.
ინფორმაცია მოძრაობის აღდგენის შემდეგ განახლდა