შეტევა იყო ანექსირებული ქერჩის ნავთობტერმინალსა და რუსეთის პორტ „კავკაზზე“

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქერჩის ნავთობტერმინალს 21 ივნისსაც დაარტყეს

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარესა და ანექსირებულ ყირიმში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 23 ივნისს დილით განაცხადა უკრაინული დრონების მოგერიების შესახებ, თუმცა რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, პირდაპირი დარტყმა იყო კონკრეტულ ობიექტებზე, მათ შორის ქერჩის ნავთობტერმინალზე.

ტელეგრამ-არხმა „კრიმსკი ვეტერ“ სატელიტური გადაღების მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის ნავთობტერმინალში, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 21 ივნისსაც დაარტყეს, ხანძრის ახალი კერებია.

ხანძრის კერებია რუსეთის კრასნოდარის მხარის პორტ „კავკაზის“ ტერიტორიაზეც. ეს პორტი ქერჩის სრუტის მეორე მხარეს მდებარეობს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა „კავკაზს“ 21 ივნისსაც დაარტყეს.

პორტ „კავკაზსა“ და ქერჩის ნავთობტერმინალზე შეტევის შესახებ წერს მონიტორინგის უკრაინული არხიც Supernova+. მისი ინფორმაციით, დარტყმა იყო ქერჩის კომპლექსზეც TES-Terminal, სადაც ნავთობის შენახვა და გადატვირთვა ხდება.

23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ანექსირებული ყირიმის რამდენიმე რაიონს, მათ შორის ევპატორიას, სიმფეროპოლს, საკისა და ჯანკოის. ადგილობრივმა ენერგოკომპანიამ მიზეზად დაასახელა „ტექნოლოგიური დარღვევები“.

უკრაინული და რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ყირიმში შეტევა იყო ერთ-ერთ ელექტროქვესადგურსა და თბოელექტროცენტრალზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 23 ივნისს გავრცელებული ზოგადი ინფორმაციით, 22 ივნისის საღამოს რვა საათიდან 23 ივნისის დილის შვიდ საათამდე ყირიმში, კრასნოდარის მხარეში და რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში, ასევე აზოვის და შავი ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 143 უკრაინული დრონი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

განახლება: 23 ივნისს დღისით უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ(„მადიარი”) სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ყირიმში დაარტყეს 60-ზე მეტ სამიზნეს, მათ შორის ქერჩის ნავთობის ბაზას და ელექტროქვესადგურს და გაზის გამანაწილებელ სადგურს სიმფეროპოლში. ასევე, რუსეთის საზენიტო-სარაკეტო დანადგარებს.

ასევე ნახეთ

ოკუპირებულ ყირიმში ბენზინს ვეღარც ტალონებით იყიდიან - მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ

რუსეთის და ანექსირებული ყირიმის ნავთობობიექტებსა და სატრანსპორტო მარშრუტებზე უკრაინის თავდაცვის ძალების ინტენსიურ შეტევებს შედეგად მოჰყვა ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვის შეზღუდვა რუსეთის რეგიონებში და დიდი დეფიციტი ანექსირებულ ყირიმში.

მძიმე ვითარების გამო ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლებამ დახურა ბავშვთა ბანაკები, მათ შორის საბჭოთა პერიოდიდან არსებული „არტეკი“.

ასევე ნახეთ

ყირიმის იზოლაცია - უკრაინის გზა გამარჯვებისკენ?