გიორგი გელხაური, ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე დღის წინ, საპატიმროში მოინახულა.
„აპირებს ბრძოლას - განწყობა ასეთი აქვს, თუმცა ამ სასამართლოს პირობებში თავისი სიმართლის დამტკიცების იმედი ნაკლებად აქვს“, - ამბობს გელხაური.
ირაკლის ჩიხლაძის საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. ადვოკატს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი და საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს. სხდომებიც დახურულია, თუმცა გიორგი გელხაური რადიო თავისუფლებასთან შენიშნავს, რომ იმ მასალებს, რაც გამოძიებას ამ საქმეში აქვს წარმოდგენილი, არანაირი შეხება ჯაშუშობასთან არ აქვს.
რადიო თავისუფლება: მაშინ, რა შინაარსისაა საქმის მასალები, რაზე დაყრდნობით არის ასეთი მძიმე ბრალი წარდგენილი?
გიორგი გელხაური: მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ არც საიდუმლო დოკუმენტებთან წვდომაზეა ლაპარაკი და არც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე. მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები საქმეში საერთოდ არ არის. სხვა - რა მტკიცებულებები დევს საქმეში კონკრეტულად, ამას ვერ ვამბობთ. იგივე კითხვები გვაქვს დღესაც, რაც თავიდანვე - მეც და ირაკლისაც - რომელი ქვეყნის ინტერესები დაზიანდა. ვისი ქმედებით? რაში გამოიხატებოდა ეს? ის ჟურნალისტურ საქმიანობსაც ეწეოდა, არასამთავრობოშიც მუშაობდა - რაში დააზიანა ამით ქვეყანა? მისი დაწერილი რომელი სტატიის შინაარსით დაირღვა ქვეყნის ინტერესი? ეს კონკრეტიკა, რომ აი, ამ ნაბიჯის გამო ირაკლის ვსჯით, საქმეში მითითებული არ არის. უფრო მეტს ვერ ვიტყვი.
რადიო თავისუფლება: ირაკლის პოზიცია როგორია დღეს, გარდა იმისა, რომ ბრალს არ აღიარებს?
გიორგი გელხაური: ის მოითხოვს საქმეს მოეხსნას გრიფი საიდუმლო და ყველაფერი გასაჯაროვდეს. მას ჰყავს ოჯახი, მეგობრები, ახლობლები და არ სურს მის სახელს ეს ბრალდება უკავშირდებოდეს. საქმის გასაჯაროება იმიტომაც სურს, რომ ისინიც, ვინც ფიქრობს, რომ ის შესაძლოა ჯაშუში იყოს, საპირისპიროში დარწმუნდნენ. ეს ყველაფერი ნახოს საზოგადოებამ და თავად დარწმუნდეს მის სიმართლეში.
რადიო თავისუფლება: გამოძიების მიმდინარეობას როგორ აფასებთ?
გიორგი გელხაური: ამ სტანდარტით, როგორც ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიდის, მარტივად შეუძლიათ მეც დამიჭირონ, თქვენც დაგიჭირონ და სხვა ნებისმიერიც, ვიზეც იტყვის კონტრდაზვერვის თანამშრომელი, რომ აი, ის ჯაშუშიაო. საქმეს მიანიჭებენ საიდუმლო გრიფს, გამოძიებაში რა ხდება, ამას კაციშვილი ვერ იგებს, უბრალოდ, იტყვიან, რომ ჯაშუშია და მორჩა. აი, ასეთი სტანდარტის საქმეა ესეც.
ირაკლი ჩიხლაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ივლისში გაიმართება. ადვოკატი ამბობს, რომ წესით, "როცა სახელმწიფო ასეთ აბსურდულ ბრალდებას აყენებს, ერთადერთი იმედი სასამართლო უნდა იყოს, თუმცა რამდენად შეიძლება დღეს საქართველოში ადამიანს სასამართლოს სამართლიანობის იმედი ჰქონდეს, ეს კითხვა თავად დგას დიდი კითხვის ქვეშ".
რადიო თავისუფლება: ასეთ დროს, ალბათ, ყველა ადამიანი, ვინც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, სვამს კითხვას, რატომ მოხდა ეს, რატომ დასჭირდა ეს სახელმწიფოს - ირაკლი თუ სვამს ამ შეკითხვებს? თუ გაქვთ სავარაუდო პასუხები ამაზე?
გიორგი გელხაური: ის მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში. “აგენტების კანონის” მიღების შემდეგ ის არ დარეგისტრირებულა აგენტად სავალდებულო რეესტრში, არც ნებართვა უთხოვია პრემიერ-მინისტრისგან, გაეგრძელებინა საქმიანობა. ამიტომ, ეს შესაძლოა იყოს საჩვენებელი დასჯა - გააგრძლებთ ასე საქმიანობას? აი, ეს მოხდება. ბევრი მესიჯი შეიძლება იდგეს ამ მუხლით ირაკლის დაჭერის უკან. თან ეს არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - 8-დან 12 წლამდე სანქციით. და თუ ამ საქმის განსაიდუმლოება არ მოხდა, ვერც შემდეგ ეტაპზე ვიტყვით რამეს და ეს საქმეც იქნება ასე ბუნდოვანი ყველასთვის. ისე დასრულდება საქმე, რომ ოჯახის წევრებსაც კი არ დაუშვებენ სასამართლოზე.
რადიო თავისუფლება: დღეს მათთან რაიმე სახის კონტაქტის უფლება აქვს ირაკლი ჩიხლაძეს? დარეკვის ან წერილის გაგზავნის.
გიორგი გელხაური: არა. არანაირი კონტაქტი. გამომძიებლის გადაწყვეტილებით, მას ყველაფერი აკრძალული აქვს. და ისიც არ ვიცით, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. კანონით, გამომძიებელს ამის უფლება ჰქონდა და მან ეს უფლება გამოიყენა.
რადიო თავისუფლება: სამარტოო საკანში ხომ არ ზის?
გიორგი გელხაური: არა, სხვებთან ერთად ზის და პირობებიც ისეთი აქვს, როგორც ყველა დანარჩენს.
ადვოკატი ახლა საქმისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნას მოითხოვს. ამბობს, რომ მას საქმის მასალებსაც არ აძლევენ და მათ გასაცნობად პროკურატურაში დადის. გიორგი გელხაური ამბობს, რომ ყოველ ჯერზე, როცა მასალებს ეცნობა, ერთადერთი კითხვა აქვს - სად არის აქ ჯაშუშობა?
გიორგი გელხაური, ადვოკატი
“ეს მხოლოდ მამაჩემის საქმე არ არის...ყველას გვეხება”
ირაკლი ჩიხლაძის ქალიშვილი, ანი ჩიხლაძეც გვიდასტურებს, რომ ოჯახის წევრებს მასთან კონტაქტი აკრძალული აქვთ.
"სასოწარკვეთილები და დაკარგულები ვართ, მაგრამ მაინც ვცდილობთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია. მე ჟენევაში ვსწავლობ და ყველას ვუყვები ამ ქეისზე, ვინც კი მომისმენს. ცოტა ხნის წინ ჟენევის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა დაბეჭდა ჩვენზე სტატია, რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანია", - უთხრა ანი ჩიხლაძემ რადიო თავისუფლებას.
მაისის ბოლოს, ანი ჩიხლაძემ საჯარო პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მამამისს ბრალს სდებდნენ ისეთ რამეში, რაც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდა.
“ის მონაწილეობდა პროექტებში, რომლებიც აერთიანებდა ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მართავდა შეხვედრებს, რომელთა მიზანი ყოველთვის იყო საერთო ენის გამონახვა, სტერეოტიპების დამსხვრევა და საუბარი პროფესიულ საკითხებზე: ჟურნალისტურ ეთიკაზე, მედიაზე, კომუნიკაციაზე და იმაზე, როგორ შეიძლება ომითა და ოკუპაციით გახლეჩილი საზოგადოების წევრებმა ერთმანეთი კვლავ ადამიანებად დაინახონ“... - წერდა ანი ჩიხლაძე.
მან დაწერა რომ მისი ოჯახი დიდი და რთული სამართლებრივი ბრძოლისთვის ემზადებოდა და მხარდაჭერა ითხოვა.
"მართავდა სადაზვერვო ქსელს"
ირაკლი ჩიხლაძეს გამოძიება უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის ამ ბრალდებით 2026 წლის 30 მაისს დააკავა. ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩიხლაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალდების მტკიცებით, ირაკლი ჩიხლაძე "უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას“.
მაისის ბოლოს ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად ასევე დააკავეს გულბაათ რცხილაძე, პრორუსული ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელიც. დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით ასამართლებენ, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. 307-ე პრიმა მუხლის ჩანაწერით კი - ჯაშუშობას სამშობლოს ღალატის კვალიფიკაცია ეძლევა.
ასევე ნახეთ
ჯაშუშობის ბრალდებები, საიდუმლო საქმეები, მინიშნებები - დაკავებულთა კიდევ ერთი წყვილიბრალდების მხარის უცვლელი პოზიცია
ირაკლი ჩიხლაძის საქმის პროკურორის ელიზბარ გოზალიშვილის თანახმად: "საქმეში მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების კავშირს უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებთან. ასევე მათი მხრიდან ინფორმაციის შეგროვების და გადაცემის ფაქტებს".
ასევე ნახეთ
"ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას!" - პაპუაშვილი ფრანგი მზვერავების საქართველოდან გაწვევაზევინ არის ირაკლი ჩიხლაძე -რაც საჯაროდ ცნობილია
ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძის ინტერესების სფერო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი მოვლენების შესწავლას, ანალიზსა და გაშუქებას უკავშირდებოდა. ის, ამ თემით დაინტერესებულ რამდენიმე ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. მართავდა რუსულენოვან პორტალს Newcaucasus.com-ს.
სამეწარმეო რეესტრში ირაკლი ჩიხლაძის მონაწილეობით იძებნება ეს ორგანიზაციები:
- 2006 რეგისტრირებული „ასოციაცია მედია-კავშირი ევრაზია“ . ჩიხლაძე მითითებულია თანა-დამფუძნებლად და გამგეობის წევრად, თუმცა 2006 წლის შემდეგ ამონაწერი განახლებული არ არის;
- 2006 წელს რეგისტრირებულია „ასოციაცია ახალი რეგიონი“ - ჩიხლაძე მითითებულია, როგორც თანადამფუძნებელი. ამონაწერი არაა განახლებული 2006 წლის შემდეგ.
- 2009 წელს რეგისტრირებულია „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“ - ბოლო, 2021 წლის 15 მაისის ამონაწერით, ჩიხლაძე არის მისი გამგეობის წევრი, სხვა 7 ადამიანთან ერთად.
- 2010 წელს რეგისტრირებულია „ასოციაცია თექალი“ - ჩიხლაძე მითითებულია საბჭოს წევრად, თუმცა არც ამ ასოციაციას აქვს განახლებული ინფორმაცია 2010 წლის შემდეგ;
- 2014 წელს რეგისტრირებულია „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტი“ - ჩიხლაძე მითითებულია დამფუძნებელთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად და დირექტორად; არც ამ სამეწარმეო სუბიექტის ამონაწერია 2014 წლის შემდეგ განახლებული.
- 2017 წელს რეგისტრირებულია „კავკასუს პრინციპიუმ“ - ირაკლი ჩიხლაძე ბოლო, 2023 წლის 26 სექტემბრის ამონაწერში მითითებულია, როგორც გამგეობის წევრი.
თუმცა, არც ერთი ეს ორგანიზაცია არ დასახელებულა საჯაროდ, ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებებისას.
სუს-ი აცხადებდა, რომ ირაკლი ჩიხლაძე ონლაინპლატფორმის საფარით მართავდა „სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს“, რასაც ჩიხლაძის ადვოკატი აბსურდულ ბრალდებად აფასებს.
ირაკლი ჩიხლაძე აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის ძმაა.
ასევე ნახეთ
„იცოდა, მალე მასთანაც მივიდოდნენ“ - რას ჰყვება გიორგი უძილაური საპატიმროდანრომელი ქვეყნის სასარგებლოდ?
ღიად არ თქმულა რომელი ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობაზეა საუბარი, თუმცა იყო მინიშნებები.
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის შეკითხვაზე - ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები წარმოადგენდნენ თუ არა რუსეთის, პოლონეთის, ირანისა და საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებს, 1 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სუსის ყოფილმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ ამ სიიდან მხოლოდ პოლონეთი ამორიცხა.
„ვერ დაგიდასტურებთ იმიტომ, რომ პოლონეთი არაფერ შუაში არ არის“, - ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას.
მანვე განაცხადა, რომ ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძე "იმავე სახელმწიფოს ე.წ. სპეცსამსახურის რეზიდენტს წარმოადგენდა", რომლის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებითაც "რამდენიმე კვირის წინ" დააკავეს ერთი ადამიანიო.
მდინარაძე, სავარაუდოდ, გულისხმობდა გიორგი უძილაურს, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს, ყოფილ ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, რომელიც 5 მაისს დააკავეს.
8 მაისს კი სწორედ მდინარაძემ დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ გიორგი უძილაურს, “ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნისთვის” ჯაშუშობა ედებოდა ბრალად.