"თუკი ეს სიმართლეა, თქვენი აზრით, უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტები რომ არიან ქვეყანაში, ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ათბობს და აგენტები როცა გადიან ქვეყნიდან, ეს აციებს ურთიერთობებს? არ ვიცი. არ ვიცი ზუსტად რა იგულისხმება, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს დღეს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა. ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს, აქ არ არსებობს არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არც ჩრდილოეთი, არც სამხრეთი. ყველა სხვა, ვინც არის და არ არის ამ ქვეყნის ნაწილი. არავის დაზვერვას საქართველოში არაფერი ესაქმება. მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს. ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას“, - თქვა პაპუაშვილმა 5 ივნისს.
ცნობა საქართველოდან ფრანგი მზვერავების გაწვევის შესახებ გაავრცელა დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგულმა გამოცემამ, Intelligence Online-მა, რომელიც იუწყება, რომ აგენტები მაისის თვეში გაიწვიეს, უძილაურის დაკავების შემდეგ. სტატიაში სადავო არ არის ის, რომ უძილაური ნამდვილად თანამშრომლობდა ფრანგულ სადაზვერვო სამსახურთან, მეტიც, ნათქვამია, რომ "ოლიგარქ ივანიშვილის ყოფილი თანამოაზრის დაქირავება ერთი შეხედვით ჭკვიანურ ნაბიჯად ჩანდა ფრანგული დაზვერვის მხრიდან, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში ქვეყანაში, რომელიც სტრატეგიულად ითვლება რუსეთთან სიახლოვისა და ურთიერთობების გათვალისწინებით, რესურსები გაზარდა."
ამავე გამოცემის თანახმად, მისი ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა.
გიორგი უძილაურის დაკავების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავება მას გამოძიება, თუმცა გაკეთდა მკაფიო მინიშნებები იმის შესახებ, რომ მას ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად.
გიორგი უძილაურის დაკავების შემდეგ, მალევე გასაჯაროვდა სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მტკიცებულება, საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში გადაღებული კადრები, რომლებზეც ორი ადამიანის კომუნიკაციაა ასახული - სახეები ამ ვიდეოში დაფარულია. ამ ვიდეოს გამოქვეყნებამდე ძალოვანი უწყებების კოორდინატორმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ სუსის ხელმძღვანელს საჯაროდ სთხოვა ამ ვიდეოს საზოგადოებისთვის ჩვენება, რომელშიც, მისივე აღწერით, ჩანს, "როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს".
8 მაისსვე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ არსებობს არაერთი ასეთი ჩანაწერი, ევროპის იმ ქვეყნებს კი, რომლებიც, მისი თქმით, "დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით" ახორციელებენ, მიმართა, "გაიყვანონ ეს ხალხი და მოაშორონ იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მგონი, რაც გავაკეთეთ, საკმარისი უნდა იყოს".
უცხო ქვეყნის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებების სერია 2026 წლის აპრილის ბოლოდან იწყება:
- 22 აპრილს დააკავეს ახალგორში მცხოვრები 27 წლის თამაზ გოლოევი და ძებნა გამოცხადდა მასთან ერთად მოქმედ ორ სხვა ადამიანზე, რომელთა ვინაობა არ გასაჯაროებულა. სამივე მათგანს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან.
- გიორგი უძილაური, "ქართუ ბანკის" პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი 5 მაისს დააკავეს და მალევე ითქვა, რომ ის ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
- 30 მაისს დააკავეს პრორუსული ორგანიზაცია "ევრაზიის ინსტიტუტის" დირექტორი გულბაათ რცხილაძე და ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო სხდომები დახურულია - ადვოკატებს მასალებზე საუბარი შეზღუდული აქვთ, საქმეები გრიფით "საიდუმლოა".
ფორუმი