Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იცოდა, მალე მასთანაც მივიდოდნენ“ - რას ჰყვება გიორგი უძილაური საპატიმროდან

გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს
გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს

გლდანის ციხეში მყოფი გიორგი უძილაური, რომელიც ფინანსური პოლიციაში მუშაობის დროს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით საუბრობს. დაკავებულს კომუნიკაცია აქვს აკრძალული, მათ შორის ოჯახთან. მისი მონათხრობი ადვოკატმა ბექა გულედანმა რადიო თავისუფლებას გააცნო.

„იცოდა, მალე მასთანაც მივიდოდნენ“

„გიორგიმ არ იცის, ეღირსება თუ არა თავისუფლება, რადგან მისნაირი ელემენტები, მითუმეტეს მკაცრი კონტროლის სახელმწიფო სტრუქტურებში, ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან აღიქმებიან ავთვისებიან სიმსივნედ, დეფექტურ უჯრედად არადემოკრატიულ ორგანიზმში“ - ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი უძილაურმა, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურსაც ხელმძღვანელობდა, „იცოდა, რომ მალე მასთანაც მივიდოდნენ.“

ადვოკატის თქმით უძილაური, რომელიც მაისის დასაწყისში დააკავა სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა, „იხსენებს, რომ ბოლოს უარი თქვა ეკა ბესელიას „გაშავებაზე".

იურისტი ეკა ბესელია პარტია “ქართული ოცნების” ერთერთი დამფუძნებელი და ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელია. ის 2018 წლიდან დაუპირისპირდა "ქართულ ოცნებას", როდესაც მე-9 მოწვევის პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-წევრიანი სადავო სიის გამო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, 2019 წლის დასაწყისში კი საპარლამენტი უმრავლესობაც დატოვა.

ეკა ბესელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გიორგი უძილაური წლების წინ გაიცნო, ერთ-ერთი ბოლო კომუნიკაცია კი მას შემდეგ ჰქონდა, რაც მის წინააღმდეგ 2019 წლის დასაწყისში კამპანია დაიწყო.

„შემხვდა და სოლიდარობა გამომიცხადა“, - ამბობს ბესელია, რომელიც ახლა „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელია.

„ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ უძილაურისთვის წაყენებული ბრალის შესაბამისი მტკიცებულებების შესახებ არ აქვს ინფორმაცია, სწორედ ამიტომ ეს დაკავება მას ეჭვებს უჩენს:

„ეს მის პიროვნულ დასჯასთან ერთად ეს იყო გზავნილი სხვებისთვის... მგონია, რომ საკუთარი მომხრეებისთვის შიშის დანერგვა და ამ შიშით შეკავება პროტესტის არის მეთოდი „ქართული ოცნებისთვის“. ამას მეც ვხედავდი, რომ ამ მხრივ ცდილობდნენ ზეგავლენის მოხდენას თანაგუნდელებზე და ამ მცდელობას ბევრი ადამიანი ექვემდებარებოდა, ვერ ეწინააღმდეგობდა. არ მიკვირს, რომ ეს გზავნილიც იყოს ამ დაპატიმრების მიღმა“.

უძილაურის ადვოკატის თქმით, უძილაური „აღიარებს, რომ მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ და იდეალებმა აქცია პატიმრად - პოლიტიკურ პატიმრად, რადგან მისი დაჭერა იყო პოლიტიკური სიგნალი ყველა იმ საჯარო მოხელისათვის, ვინც პროპაგანდისგან განსხვავებულად ფიქრობს“.

რას აღიარებს?

გიორგი უძილაური ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მას ედავებიან არა საიდუმლო მასალების გაცემას, არამედ საქართველოს ინტერესების საზიანო ინფორმაციის გადაცემას:

„ამაში შეიძლება მოიაზრებოდეს ნებისმიერი პოლიტიკური ანალიზი, აზრი, და ცნობილია, რომ გიორგი უძილაური ანალიტიკურ მასალებს ამზადებდა“, - ამბობს ადვოკატი.

უძილაურის მონაყოლის მიხედვით, ის დაკავებას უკავშირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო, პროევროპულ აქციებში მონაწილეობას:

„აღიარებს, რომ საგამოძიებო სამსახურის პარალელურად, ორჯერ იმყოფებოდა პროევროპული სტუდენტების საპროტესტო აქციებზე რუსთაველზე... გაფრთხილებული იყო, რომ ისმინებოდა მისი ტელეფონები, ხდებოდა ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგი, ფიქსირდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანის ლოკაცია და ხორციელდებოდა სალონის მოსმენა, თავი არ შეუზღუდავს არც შეხვედრებში და არც საუბრებსა თუ მიმოწერებში“.

ადვოკატის მონათხრობის მიხედვით, უძილაური „არ ემორჩილებოდა ე.წ. „პარტიულ დისციპლინას“ და რისი გაკეთებაც არ სურდა, არ აკეთებდა“.

რას ამბობს ივანიშვილზე?

„[მიხეილ] სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად“ 2011 წელს „შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ჩამოყალიბებულ 20 კაციან გუნდს“:

„როგორც ივანიშვილმა, ასევე „ოცნების“ ბირთვმა, ასევე ამერიკელმა და ევროპელმა სპეციალისტებმა იცოდნენ, რომ საფუძველი ეყრებოდა დემოკრატიულ და პროდასავლურ საქართველოს. არავის გასჩენია ეჭვი, რომ დასავლელი სპეციალისტები წარმოადგენდნენ Deep State-ს ან შემოგზავნილ აგენტურას - მტერი ომის მოგებასა და გამარჯვებაში არ გეხმარება“.

უძილაურის შეფასებით, „ის გულანთებული და ალალი მოძრაობა დღეს აღარ არსებობს, ის „ქართული ოცნება“ მკვდარია“.

„მაღალი იდეალები ჩანაცვლდა მედროვეთა ინტერესებით და სხვის მიერ მოპოვებული გამარჯვებით მიღებული ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელი წყურვილით... ძველი „ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთისთვის თავს სწირავდნენ, დღევანდელი „ოცნების“ ხელმძღვანელობა კი ერთმანეთს სწირავს, წარბშეუხრელად. მათ არ იციან, რომ 2011-2012 წლების ბრძოლაში და მოპოვებულ გამარჯვებაში მონაწილეობდა ის დასავლეთი, რომელსაც მათ მტრის სტატუსი მიანიჭეს“.

„დაუფარავად დასცინოდა გამოგონილ Deep State-ს“

​ადვოკატის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ მან იცოდა იყო ინტერესის ობიექტი, „დაუფარავი ენთუზიაზმით დასცინოდა ხელისუფლების მიერ ევროპის დისკრედიტაციისათვის გამოგონილ საფრთხობელებს („Deep State“, „ომის პარტია“, „მასონები“, „ევროგეების საფრთხე“...), გმობდა ხელისუფლების სასტიკ პოლიტიკას პროევროპელი სტუდენტების მიმართ“.

„გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას, ქართული დიპლომატიის ლაჩრულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და ყველაფრის „ომის საფრთხით“ გამართლებას“.

უძილაურს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

უძილაური 5 მაისს ფინანსური პოლიციის შენობაში დააკავეს, სადაც ის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა. მანამდე ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში, უფრო ადრე კი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

მას ბრალდება ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს - საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG