"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველი ივნისის მონაცემებით, 22 707 ოჯახს შეუწყდა სოციალური შემწეობა. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თანახმად, სოციალური შემწეობის მიმღები 40 225 ოჯახის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ 56,4 %-ს არ ჰქონდა სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობა. დაზოგილმა თანხამ, კობახიძის თანახმად, 54,7 მილიონი შეადგინა.
ეს მონაცემები კობახიძემ მოიყვანა, მისი განცხადებით, "სპეკულაციების" საპირწონედ, რომ "თუ ქვეყანაში მცირდებოდა სიღარიბე და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა".
"ამ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ თვეში 3 000 ლარზე მეტი, 4 000 ლარზე მეტი შემოსავალი და მაინც იღებდნენ სოციალურ შემწეობას. საბოლოო ჯამში, მოხდა ბაზების გადახედვა და შესაბამისად 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება“, - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ
გადამოწმებული ოჯახების ნახევარს სოცდახმარება შეუწყდა - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემანვე დღეს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება 2029 წლისთვის.
სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა
საქართველოში სოციალურ შემწეობას იღებს ასობით ათასი ადამიანი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საარსებო შემწეობას იღებდა 432 968 პირი, ხოლო დამატებით 212 952 სოციალურად დაუცველი იყო ისეთი, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში გარანტირებული ჰქონდათ სოციალურად დაუცველის სტატუსი (ამ რიცხვში შედიან როგორც პროგრამით დასაქმებულები, ასე დასაქმებულთა ოჯახის წევრები).
საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა უკიდურეს სიღარიბეში მყოფი სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის თვეში ითვალისწინებს 30-დან 60 ლარამდე საარსებო შემწეობას. თანხის ოდენობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული - ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარები 60 ლარს იღებენ, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფი, თუმცა კვლავ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები კი 50, 40 ან 30 ლარს.
რაც შეეხება ბავშვებს იმ ოჯახებში, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია, სახელმწიფო ყოველ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე 200-ლარიან საარსებო შემწეობას გასცემს.
საქართველოს მთავრობის 7 მაისის დადგენილებით, სოციალურ დახმარებას აღარ მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია.
სტატუსის გადახედვა
სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზების გადახედვის აუცილებლობაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ისაუბრა. ის ამბობდა, რომ „სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა“.
„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა.
ანუ, ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას, პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული“, - თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ
ოთხი წელი, მილიონობით ლარი და „ფიქტიური დასაქმება“ - რას ემსახურა დასაქმების პროგრამა?არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ თავის ერთ-ერთ ბოლო კვლევაში აღნიშნავს, რომ „საქართველოში ღარიბი ადამიანების გამოცდილება აჩვენებს, რომ სოციალური დახმარების სისტემა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ გულისხმობს. ამ სისტემის დახმარებით სახელმწიფო ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას აკონტროლებს, აფიქსირებს მათ სხეულებსა თუ ქცევებს და აყალიბებს მორჩილ მოქალაქეს“.