პუტინის ყველაზე რთული არჩევნები: ომი, ეკონომიკური კრიზისი და კრემლის შიშები

ვლადიმირ პუტინი

უკრაინის ომმა და რუსეთის ეკონომიკურ-პოლიტიკურმა კრიზისმა კრემლი უჩვეულო გამოწვევის წინაშე დააყენა. სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე სამი თვით ადრე საუბრობენ არა მხოლოდ ხელისუფლების რეიტინგის მნიშვნელოვან ვარდნაზე, არამედ არჩევნების შესაძლო გადადებაზეც.

უკრაინასთან ომი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გახშირებული იერიშები ყირიმსა და რუსეთის მსხვილ ქალაქებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც რუსეთის ეკონომიკაზე, ასევე ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე: საწვავის კრიზისმა, მაღალმა ინფლაციამ და ომის რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებამ მკვეთრად შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება როგორც ომისადმი, ასევე ხელისუფლებისადმი.

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება: IX მოწვევის სახელმწიფო დუმისა და ათეულობით რეგიონის საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები 18-20 სექტემბერს არის დანიშნული.

ეს იქნება სახელმწიფო დუმის პირველი არჩევნები უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. კენჭისყრა პირველად გაიმართება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც - დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში დიდი ხანია არჩევნები ფიქციურად ტარდება (დიდი უპირატესობით იმარჯვებს მმართველი "ედინაია როსია"), გაჭიანურებული ომისა და გაღრმავებული ეკონომიკური პრობლემების გამო (რაც ნეგატიურად აისახება მმართველი პარტიის რეიტინგზე) ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს არჩევნების გარკვეული დროით გადადებას.

ასევე ნახეთ

პუტინის რეიტინგი კვლავ შემცირდა - გამოკითხვის მეთოდოლოგიის ცვლილების მიუხედავად

როგორც გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპა“ წერს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, არჩევნების გადადების შესახებ საუბრები“ ჯერ კიდევ 2026 წლის გაზაფხულზე, ბიუჯეტის პრობლემებისა და ფასების ზრდის ფონზე გაჩნდა, ბოლო ერთ თვეში უკრაინული დრონების მიერ შექმნილმა ახალმა ეკონომიკურმა სირთულეებმა (საწვავის მწვავე დეფიციტი) კიდევ უფრო დაამძიმა „ერთიანი რუსეთის“ მდგომარეობა.

"რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ფონდის" (ФОМ) და "საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის" (ВЦИОМ) გამოკითხვების თანახმად, რუსეთის მმართველ პარტიას დაახლოებით 35%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო სხვა კვლევების თანახმად - კიდევ უფრო დაბალი. არჩევნების გადადებაზე საუბარს მეტი შფოთი დაუმატა მოსკოვზე უკრაინული დრონების გახშირებულმა თავდასხმებმა.

რუსეთის ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას („ედინაია როსია“) ასევე უქმნის პრობლემებს საბიუჯეტო კრიზისი, ფასების ზრდა და საწარმოებში თანამშრომლების შემცირება. „ვითარების გაუარესება აისახება მთავრობის რეიტინგებზე, რის გამოც არჩევნების ჩატარება აღარ ითვლება იოლ ამოცანად“, - წერს გამოცემა.

24 ივნისს გამოცემა Meduza-მაც ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ არსებული მძიმე საინფორმაციო ფონის გამო საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა გადაიდოს. გამოცემის წყაროების ცნობით, ამ იდეას მხარს უჭერს ძალოვანი ბლოკის ნაწილი - უპირველეს ყოვლისა, ФСБ-ს ხელმძღვანელობა და „როსგვარდიის“ დირექტორი, ვიქტორ ზოლოტოვი. როგორც ექსპერტები ამბობენ, თეორიულად, ამის გაკეთება შესაძლებელია საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით.

ასევე ნახეთ

კრემლი ომიდან დაბრუნებულ სამხედროებში სისტემური რისკის წყაროს ხედავს

თუმცა Meduza-ს ინფორმაციით, ამ იდეას ეწინააღმდეგებიან როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური და საინფორმაციო ბლოკები (სერგეი კირიენკო და ალექსეი გრომოვი), ასევე მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარე დმიტრი მედვედევი. მათი აზრით, არჩევნების გაუქმება ხელისუფლების შიშის დემონსტრირება იქნებოდა. Meduza-ს ცნობით, თავად ვლადიმირ პუტინი არჩევნების დათქმულ ვადაში ჩატარებისკენ იხრება შემდეგი არგუმენტით: რუსეთი დადებითი კუთხით უნდა განსხვავდებოდეს უკრაინისგან, სადაც არჩევნები ომის დასრულებამდე გადაიდო.

პუტინი არჩევნების წინ

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მიხაილ კასიანოვი, დარწმუნებულია, რომ რთული ვითარების გამო, დღევანდელი პუტინი მკვეთრად განსხვავდება ათი და თუნდაც ორი წლის წინანდელი პუტინისგან.

„ის შეშფოთებულია იმით, რაც ხდება, - უთხრა კასიანოვმა უკრაინელ ჟურნალისტ ვიტალი პორტნიკოვს, - ის ნერვიულობს, ცდილობს გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ ვითარება მისი კონტროლიდან გადის. ყველა მიმართულებით ჩავარდნა აქვს. გასაგებია, რომ პუტინმა წააგო ეს ომი, გასარკვევი მხოლოდ ისაა, თუ როდის დაასრულებს“.

მიხეილ კასიანოვი ასახელებს იმ ფაქტორებს, რომლებიც პუტინზე ახდენენ ნეგატიურ გავლენას: ეკონომიკური წნეხი ქვეყნის შიგნით, სანქციები გარედან, ცოცხალი ძალის ნაკლებობა ფრონტზე და უკრაინის მზარდი ტექნოლოგიური უპირატესობა.

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მიხაილ კასიანოვი

„თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ადამიანებში, ე.წ საშუალო კლასში შეიცვალა განწყობა. ეს ის ხალხია, რომელიც დიდ ქალაქებში ცხოვრობს და მთელი ამ წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდა ომზე. ეს ადამიანები შეგუებული იყვნენ იმასთან, რომ მათი მთავრობა ხოცავდა უდანაშაულო უკრაინელებს. მაგრამ ახლა, ინტერნეტის გათიშვითა და მათ ცხოვრებაში უხეში შეჭრით, პუტინმა ისინი ფაქტობრივად განარისხა. როგორც იტყვიან, სიტუაცია დაიძრა.

მოდის ინფორმაცია, რომ ვითარება ყველა მიმართულებით უარესდება, თუმცა პუტინი კვლავინდებურად ჯიუტობს და ფიქრობს, რომ თუ უკან არ დაიხევს, უკრაინა გამოიფიტება და დანებდება. ცხადია, ადრე თუ გვიან მას მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება. სავარაუდოდ, ეს მოხდება შემოდგომისთვის, როცა მეორე კვარტლის შედეგები გახდება ცნობილი.

დიდი ალბათობით, დაწყებულია რეცესიის ხანგრძლივი პროცესი, რაც უკიდურესად ზრდის პოლიტიკურ წნეხს. რამე დარგის, მათ შორის სამხედრო მიმართულებით, ზრდის პოტენციალი აღარ არსებობს. ბიზნესს აღარ აქვს მოგება, ომის ხარჯები არ მცირდება, ინვესტიციები არ შემოდის, მთავრობას უწევს ფულის სესხება (მიღებული კანონით, შეზღუდვები მოხსნილია), რაც ავტომატურად იწვევს ბიუჯეტის დეფიციტი ზრდას“, - ამბობს რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომლის თქმითაც, შესამჩნევი ხდება განწყობების ცვლილება - უკმაყოფილება და ომის დასრულების მოთხოვნა - პუტინის გარემოცვასა და ე.წ. ბიზნეს-ელიტაშიც:

„ეს არჩევნები, რომელიც ახლა ახლოვდება, სინამდვილეში კვაზი არჩევნებია, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული ხალხთან. დაკავშირებულია სწორედ პუტინის გარემოცვაში გავლენების განაწილებასთან - ვინ რა დასაყრდენს მიიღებს დუმაში.“

ასევე ნახეთ

უკრაინული დრონები რუსეთის საწვავის სისტემას ანგრევენ - დეფიციტი უკვე 53 რეგიონშია

რუსეთის ე.წ. ლიბერალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მიხაილ ხოდორკოვსკიც ამბობს, რომ რუსეთში მოახლოებული არჩევნები სინამდვილეში არჩევნები კი არა, ხელისუფლების აპარატის შიგნით ურთიერთობის გარკვევა და კრემლის ფორმალური ლეგიტიმურობის საფუძველია.

ექსპერტთა თქმით, საზოგადოების განწყობაზე გავლენას ახდენს ის, რომ ყველა ხედავს, რა ხდება რუსეთის ეკონომიკაში, რას აკეთებენ უკრაინული დრონები რუსეთის ქალაქებში, როგორ მცირდება ხელისუფლების რეიტინგი, როგორ ირღვევა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის გაფორმებული დაუწერელი ხელშეკრულება - ომის წინააღმდეგი არ ვარ, ოღონდ მე ნუ შემეხები.

რა რეაქცია ექნება საზოგადოების განწყობის ცვლილებაზე პუტინს? - ამ კითხვის პასუხად მიხაილ ხოდორკოვსკი ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში ამბობს, რომ, საჭიროების შესაბამისად, ან პროპაგანდა გაიზრდება, ან - რეპრესიები.

„ხელშეუხებელი არავინ იქნება, განსაკუთრებით გარემოცვაში. აშკარაა, რომ პუტინს ომის დასრულება უნდა, ოღონდ მომგებიანი პირობებით, ამიტომ მისი მიდგომა კვლავინდებურად ასეთია: უნდა მიაწვეს!“ - ამბობს მიხაილ ხოდორკოვსკი.

რუსეთის ე.წ. ლიბერალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მიხაილ ხოდორკოვსკი

თუმცა პოლიტიკის ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ პუტინს „მიწოლის“ რესურსიც უკიდურესად შეზღუდული აქვს, რადგან მას საშინლად ეშინია მობილიზაციის, რასაც შეიძლება უკმაყოფილების ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს.

პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის თქმით, პუტინს ჯერაც ენდობა მოსახლეობის ნახევარზე მეტი, რადგან პუტინის გარდა, სხვა არც არავინაა.

„ენდობა იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი ჯერ არ არის მზად დამარცხებისთვის. თუმცა აშკარაა, რომ აზრი იცვლება და რომ ცვლილების ტემპი მაღალია. მრავლისმეტყველია ისიც, რომ ხალხმა დაიწყო დაცინვა, ხოლო ისინი, ვინც ომთან ახლოს არიან, პრიგოჟინის ენით იწყებენ ხელისუფლებასთან ლაპარაკს. ახლა რუსეთის ქალაქებში მცხოვრები ხალხი ყვირის, სად არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა?

რა თქმა უნდა, პუტინი კარგავს ნდობას, ამიტომ ლაპარაკობს ხელისუფლება ორაზროვნად: შეზღუდვებია, მაგრამ დროებით; მობილიზაციაა, მაგრამ ნაწილობრივი; ხარვეზები გვაქვს, მაგრამ ცალკეული. რუსეთში პროპაგანდა უკვე იმდენად მოსწყდა რეალობას, რომ ხალხი გაღიზიანებიდან სიცილზე გადავიდა. ისევ პრიგოჟინს რომ დავესესხოთ, აშკარაა, მოხუცი ვეღარ უმკლავდება საქმეს“, - ამბობს დმიტრი ორეშკინი, რომლის თქმითაც, რუსეთში შექმნილი ვითარება ძალიან ჰგავს საბჭოთა პერიოდს, როდესაც ხელისუფლების იმპოტენცია თვალსაჩინო იყო, ოღონდ არა ყველასთვის: „თუმცა იმათი რაოდენობა, ვინც ხედავს, აშკარად მზარდია“.

ასევე ნახეთ

პრიგოჟინი: უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციის მიზანს საპირისპირო შედეგი მოჰყვა

არჩევნები მაინც ჩატარდება

პოლიტიკის ექსპერტთა თქმით, რუსეთის ხელისუფლების „პოლიტიკური იმპოტენციის“ ერთგვარი ნიშანი უნდა იყოს რუსეთის ექსპრეზიდენტისა და ორჯერ პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის საარჩევნო სიის სავარაუდო პირველ ნომრად და დუმის სპიკერობის შესაძლო კანდიდატად დასახელება. რუსული გამოცემები წერენ, რომ მედვედევი ან საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება, ან ე.წ. ფედერალური სიის ხუთეულს გაუძღვება.

როგორც ირკვევა, მედვედევის რეიტინგი ამჟამად უფრო მაღალია, ვიდრე 2021 წლის არჩევნების წინ იყო. ექსპერტებს არ უკვირთ, რომ სოციალურ ქსელებში მედვედევის საჯარო აქტივობა და უსაფრთხოების, მიგრაციის და ომის საკითხებზე გაკეთებული უკიდურესად აგრესიული და არაეთიკური აქცენტები პატრიოტულად განწყობილი ე.წ. Z- ამომრჩევლების დიდ მხარდაჭერას იწვევს.

2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანი რუსეთის“ ფედერალურ საარჩევნო სიას მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა. მაშინ შოიგუსთან ერთად ფედერალურ სიაში იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვა პოლიტიკოსები. 2021 წელს დმიტრი მედვედევის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 18-25%-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო 2026 წლის იანვარში სოციოლოგიური გამოკითხვები დაახლოებით 42,5%-იან მხარდაჭერას აჩვენებდნენ.

ასევე ნახეთ

ქეში და პოლიტიკური ტრეში დმიტრი მედვედევის გარშემო

თუმცა 2021 წლისგან განსხვავებით, წელს საარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ ნეგატიური საინფორმაციო ფონით დაიწყო: საწვავის დეფიციტი რუსეთის ათეულობით რეგიონში, ანექსირებული ყირიმის ფაქტობრივი ბლოკადა, უკრაინული რაკეტები და დრონები მოსკოვსა და რუსეთის სიღრმეში, საბიუჯეტო კრიზისი (ბიუჯეტის დეფიციტი 6 ტრილიონი რუბლი), ფასების ზრდა და ეკონომიკის სტაგნაცია. ამ ფონზე, როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ რეიტინგი, რუსეთის ხელისუფლებისადმი ლოიალური სოციოლოგიური სამსახურების მონაცემებითაც კი, რეკორდულად დაბალ - დაახლოებით 35%-იან ნიშნულზეა ჩამოსული.

როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, შექმნილი ვითარების გამო, საუბარი არჩევნების გადადების შესახებ დაუჯერებლად არ გამოიყურება. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, „არჩევნების გადადების საკითხი საერთოდ არ განიხილება“.

პოლიტოლოგ ივან პრეობრაჟენსკის თქმით კი, არჩევნების გადადებაზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა „კონსპიროლოგია“.

„ეს იგივე იქნებოდა, რომ პუტინი თავად გამოსულიყო და ეთქვა: ჩვენთან ყველაფერი ძალიან ცუდად არის, სრული მარცხი განვიცადეთ. რა თქმა უნდა, ის ამას არ გააკეთებს“, - ამბობს პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი

პროექტის, „არჩევნების ატლასის“ ექსპერტი, ვადიმ ტერნოვოი, „ნოვაია გაზეტა ევროპასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება ეცდება არა არჩევნების გაუქმებას ან გადადებას, არამედ ამომრჩეველთა აქტივობისა და საარჩევნო კამპანიის მაქსიმალურ „გამოშრობას“.

„კამპანია უნდა გახდეს უინტერესო და შეუმჩნეველი, - ამბობს ტერნოვოი, - ამომრჩეველმა საერთოდ არ უნდა შეამჩნიოს, რომ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში „ზედმეტი“ ამომრჩეველი უბრალოდ არ მივა საარჩევნო უბნებზე. ამისთვის აუცილებელი იქნება „არასასურველი“ პარტიების, უპირველეს ყოვლისა, ომის მოწინააღმდეგე პარტია „იაბლოკოს“ არჩევნებიდან ჩამოშორება. პარტიის ხელმძღვანელობის თითქმის მთელი შემადგენლობა ადმინისტრაციული ჯარიმების გამოყენებით უკვე მოხსნეს არჩევნებიდან. ანალოგიური ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლება პრობლემურ რეგიონებში იშორებს როგორც კომუნისტური პარტიის (КПРФ), ისე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (ЛДПР) ცალკეულ კანდიდატებს“.

კიდევ ერთი ინსტრუმენტია საარჩევნო თემატიკის გაქრობა მედიიდან. ექსპერტის თქმით, არსებობს არაპირდაპირი ნიშნები, რომ ეს „გამოშრობის“ პროცესი უკვე დაწყებულია: „არჩევნების ატლასის“ მონაცემებით, ექვსმა წამყვანმა ტელეარხმა წინასაარჩევნო კამპანიის პირველ კვირას, ჯამში, მხოლოდ 17 წუთამდე დაუთმო.

პოლიტოლოგი აბას გალიამოვი მიიჩნევს, რომ „გამოშრობისთვის“ განსაკუთრებული ძალისხმევა საჭირო არც არის: არჩევნებისადმი ინტერესი ისედაც მინიმალურია. მისი შეფასებით, რეალური აქტივობა, სავარაუდოდ, მხოლოდ 20% იქნება, თუმცა ხელისუფლება 50%-ზე მეტს დაწერს.

„ხალხი ამ არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიქვამს. ლეგიტიმურობა მონაწილეთა მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული. დღეს რუსეთის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხი ომი და მშვიდობაა, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. მაგრამ ცხადია, ბიულეტენში არცერთი ომის მოწინააღმდეგე პარტია არ იქნება. შესაბამისად, რეალურად არჩევანი არც არსებობს“, - ამბობს პოლიტოლოგი.

ასევე ნახეთ

ინტერვიუ პუტინის ყოფილ სპიჩრაიტერთან: “მარცხი მაგიას გააქრობს, რუსები აღარ იქნებიან მონუსხული პუტინით”

ამ შეფასებას ეთანხმება პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი, რომლის აზრითაც, ხელისუფლებას დუმის არჩევნებთან დაკავშირებით განსაკუთრებული სირთულეები არ შეექმნება.

„არჩევანი არ არსებობს, საპროტესტო კენჭისყრა შეუძლებელია. ხელისუფლებას სურს, ამ ფსევდოარჩევნებზე მხოლოდ ის ადამიანები მივიდნენ, რომელთა მობილიზებასაც თავად მოახერხებს, რათა შედეგების გაყალბების საჭიროება არ დაუდგეს. მოსახლეობამაც იცის, რომ სახელმწიფო დუმა რეალურად არაფერს წყვეტს და არჩევნებზე მისვლას დიდი აზრი არ აქვს. ერთადერთი საკითხია, როგორ ახსნიან დაბალ აქტივობას - თუ მასაც გააყალბებენ, მოსახლეობაში აშკარა ფალსიფიკაციის განცდა გაჩნდება. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბერში, შექმნილი ვითარების მიხედვით მიიღებენ“, - აღნიშნავს ექსპერტი.

აბას გალიამოვის თქმით, ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კრიტიკული ხმების ჩახშობა რუსეთის კომუნისტური პარტიის შიგნით. კერძოდ, პრობლემაა დუმის კომუნისტი დეპუტატი, ვიაჩესლავ მარხაევი, რომელმაც უპრეცედენტო დემარშით მოითხოვა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების საჯარო გეგმის“ წარმოდგენა. ასევე „პრობლემურია“ რენატ სულეიმანოვი, რომელმაც მაისში განაცხადა, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს და მოხდება კოლაფსი.

გალიამოვის შეფასებით, თუ კომუნისტური პარტიის საარჩევნო კამპანია ამ კუთხით საპროტესტო ხასიათს მიიღებს, გაიზრდება იმის ალბათობა, რომ არჩევნები შედარებით კონკურენტული და „ცოცხალი“ იქნება. თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ რუსეთის მმართველ პარტიასთან კონფრონტაციის გზა აირჩიოს: პარტიის ყრილობაზე რუსეთის მთავარი კომუნისტი, გენადი ზიუგანოვი, გამოვიდა ინიციატივით, მოქალაქეთა საბანკო ანაბრები მოხმარდეს ქვეყნის სამხედრო საჭიროებებს.

ექსპერტთა თქმით, რუსეთის ხელისუფლების ხელშია არჩევნების დიდი უპირატესობით მოგების კიდევ ერთი გასაღები - „საარჩევნო სუსულთნოები” - რეგიონები, რომლებშიც არჩევნები ტოტალურად ყალბდება და სადაც „ერთიანი რუსეთი“ ამომრჩეველთა აქტივობისა და მიღებული ხმების არარეალისტურად მაღალ შედეგებს აჩვენებს. ასეთ რეგიონებად მიიჩნევენ ჩეჩნეთს, დაღესტანს, ტუვას, კემეროვოს ოლქს, ჩრდილოეთ ოსეთს, ყაბარდო-ბალყარეთს, ყარაჩაი-ჩერქეზეთს, ბაშკირეთსა და თათრეთსაც.

თუმცა ვადიმ ტერნოვოის თქმით, ისეთ მძიმე ვითარებაში, როგორშიც პუტინის ხელისუფლება აქამდე არ ყოფილა, ოპოზიციურმა პარტიებმა მოსახლეობას მაქსიმალური აქტივობისა და საპროტესტო კენჭისყრისკენ უნდა მოუწოდონ, რადგან „დიდია ალბათობა, რომ უკმაყოფილება სრულიად მოულოდნელი ფორმით იფეთქებს, მათ შორის ულტრაპატრიოტულ ჯგუფებშიც“.

  • რუსეთის IX მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს (დუმა) არჩევნები გაიმართება 2026 წლის 18-20 სექტემბერს, 450 დეპუტატია ასარჩევი. 33 რეგიონში გამოყენებული იქნება დისტანციური ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი მასშტაბური გაყალბებების გამო. ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას ფაქტობრივად ჩამოშორებულია - ანტისაომარი და ოპოზიციური ორგანიზაციების აბსოლუტურ უმრავლესობას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
  • რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წინა არჩევნები 2021 წლის 17–19 სექტემბერს გაიმართა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების 49,82% მიიღო, რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ (КПРФ) - 18,93%, პარტიამ „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ - 7,46%, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (ЛДПР) - 7,55%, პარტიამ „ახალი ადამიანები“ - 5,32%, ხოლო პენსიონერთა პარტიამ - 2,45%.