რუსეთში ჩხრეკა ჩატარდა იმ სამხედროს სახლში, რომელმაც მანამდე ინსტაგრამით გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელზე. ეს ცნობა სოციალური ქსელით გაავრცელა ჯარისკაცის, ალექსანდრ ლუნინის ცოლმა, ტატიანა ლუნინამ. მოგვიანებით მან პუბლიკაცია წაშალა, თუმცა ვიდეო შემდეგ სხვა არხით, ტელეგრამით გავრცელდა.
ლუნინას თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა ღამით გაჩხრიკეს ვორონეჟის ოლქის სოფელ ლიზინოვკაში მდებარე სახლი და წაიღეს კომპიუტერები, ე.წ. "ფლეშ" მეხსიერების ბარათები და სხვა ნივთები. ჩხრეკის მომენტში თავად ლუნინი სახლში არ იყო, იგი ერთი დღით ადრე მოსკოვში გაემგზავრა. ცოლი ვარაუდობდა, რომ ლუნინი შესაძლოა დაეპატიმრებინათ, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქმარი "ცოცხალია და ჯანმრთელი", და ცოლს სთხოვა არ გაავრცელოს ინფორმაცია და კომენტარები.
მოგვიანებით ტელეგრამით გავრცელდა ცნობა, რომ ყოფილი სამხედრო 11 დღით გაგზავნეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ირწმუნებიან, რომ ეს პოსტი დაწერა არხ "მოია ჟიზნიას" ადმინისტრატორმა, ალექსანდრ ლუნინის ოჯახის ახლო ნაცნობის მონაწილეობით. პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ არ იცის რა მუხლითაა დაკავებული ლუნინი.
ლუნინმა, რომელიც მონაწილეობდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, 25 ივნისს გამოაქვეყნა პუტინისადმი მიმართვა, რომელშიც ითხოვს პირადად შეხვედრას კრემლში და პირდაპირი ეთერით - იმ მიზნით, რომ აუდიტორიას მოუთხროს რუსეთის არმიაში არსებულ პრობლემებზე. იგი ასევე აცხადებს, რომ უარის შემთხვევაში "არმია თავის იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს". ამ მიმართვის პასუხად კრემლში განაცხადეს, რომ ვიდეოჩანაწერი არ უნახავთ, თუმცა მასში მოტანილი ფორმულირება "საკმაოდ უცნაურია".