პუტინმა უკრაინის დარტყმებით შექმნილი პრობლემები და საწვავის დეფიციტი აღიარა

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში 28 ივნისს ღამით გავიდა ინტერვიუ ვლადიმირ პუტინთან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმებით გამოწვეული „პრობლემები“ და საწვავის „გარკვეული დეფიციტი“ აღიარა, თუმცა მიიჩნევს, რომ დეფიციტი „კრიტიკული არ არის“.

ეს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, პაველ ზარუბინთან ინტერვიუში, რომელიც ეთერში 28 ივნისს ღამით გავიდა.

  • უკრაინის თავდაცვის ძალები ამ გაზაფხულიდან ინტენსიურად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.
  • რუსეთის რეგიონებში ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დასჭირდათ.

ასევე ნახეთ

„კუნძულად იქცევა“ - საჰაერო განგაში, აფეთქებები, საწვავის დეფიციტი, დაკეტილი ხიდები და გზები ყირიმში

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არაერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, მათ შორის მოსკოვის, იძულებული გახდა მუშაობა რამდენიმე თვით შეეჩერებინა, პუტინი ინტერვიუში ირწმუნებოდა, რომ საწარმოები სწრაფად აღდგენას ახერხებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა „დროებითი დეფიციტის“ დაძლევის გზად დაასახელა სარემონტო სამუშაოების უფრო სწრაფად დასრულება, ამ ობიექტების „საიმედოდ დაცვა“ და საწვავის იმპორტი.

რაც შეეხება ანექსირებულ ყირიმს, პუტინის თანახმად, საწვავის მიწოდებას როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გზით გაზრდიან.

ასევე ნახეთ

ანექსირებულ ყირიმში რეგიონული ხასიათის საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივნისს განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსებმა ომი იგრძნონ და რუსეთმა იცოდეს, რომ არ გამოუვა უკრაინელების მიწების იოლად და დაუსჯელად მოპარვა.

ზელენსკის თანახმად, უკრაინა უზრუნველყოფს ისეთ პირობებს, რომ რუსეთი იძულებული გახდება მშვიდობას დასთანხმდეს.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ინტენსიური დარტყმების ფონზე პუტინმა ინტერვიუში ილაპარაკა საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების სწრაფად გაზრდის აუცილებლობაზე.

ასევე ნახეთ

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამტკიცა რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაცია“

რუსეთში საწვავის დეფიციტისგან განსხვავებით, პუტინი არ აღიარებს, რომ უკრაინის არმიას წარმატებები აქვს ბრძოლის ველზე უშუალოდ უკრაინაში. ზარუბინის შეკითხვას უკრაინის არმიის წარმატებებზე დასავლეთის ლიდერთა განცხადებების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ირონიულად უპასუხა: „დაე, დაელოდონ”.

პუტინის თანახმად, რუსეთის ენერგოობიექტებზე შეტევებით უკრაინა ცდილობს გამოიწვიოს არა მხოლოდ საწვავის კრიზისი, არამედ რუსეთს აიძულოს შეტევის თუნდაც მოკლე დროით შეჩერება და შექმნას პირობები მისთვის მომგებიანი პირობებით მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც არ მოხდება.

პუტინის მტკიცებით, რუსული არმია უკრაინაში წინ მიიწევს არაერთი მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში „პირადი შემადგენლობის კატასტროფული დეფიციტია“ და სავარაუდოდ, ამას უკავშირდება წინადადება, რომ საბრძოლო მოქმედებები შემოიფარგლოს მხოლოდ ოთხი, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებით, რათა უკრაინამ სხვა მონაკვეთებიდან თავისი ძალები ამ ტერიტორიებზე გადაისროლოს. პუტინის განცხადებით, რუსეთის „გეგმებში არ არის კიევის რეჟიმის გადარჩენა“.

კონკრეტულად ვისგან მიიღეს ეს წინადადება და როდის, რუსეთის პრეზიდენტს არ უთქვამს.

ასევე ნახეთ

პუტინის ყველაზე რთული არჩევნები: ომი, ეკონომიკური კრიზისი და კრემლის შიშები