სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 28 დაიჭრა რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნიპროში.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 29 ივნისს დღის პირველ ნახევარში განხორციელებული შეტევის შედეგად დანგრეულია კერძო საწარმო. ადმინისტრაციას არ დაუსახელებია არც კონკრეტული საწარმო და არც იარაღის სახეობა, რომლითაც შეტევა იყო.
საოლქო პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
რუსული დრონებით შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიეზე. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სამგზავრო მიკროავტობუსზე დრონით დარტყმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი და დაიჭრა შვიდი, მათ შორის ბავშვი.
განახლება: დღის ორი საათისთვის ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფედოროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ერთი დაჭრილი გარდაიცვალა. დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.
ასევე ნახეთ
პუტინმა უკრაინის დარტყმებით შექმნილი პრობლემები და საწვავის დეფიციტი აღიარამანამდე, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარები დრონებით უტევდნენ უკრაინის კიდევ რამდენიმე ოლქს.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ცნობით, ენერგოობიექტებზე დარტყმების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სუმის, პოლტავის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებს.
28-დან 29 ივნისის ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ენერგოობიექტებზე. ანექსირებული ყირიმის რაიონებს და ხერსონის და დონეცკის ოკუპირებულ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.