ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას 2,5 წლით პატიმრობა მიესაჯა - დამხობის მოწოდების საქმეზე

ფოტო არქივიდან: ზვიად კუპრავა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღეს, 29 ივნისს, დამნაშავედ ცნო და 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ზვიად კუპრავას. მას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებოდნენ.

ზვიად კუპრავას 5000-ლარიანი ჯარიმაც დაეკისრა წინააღმდეგობის გაწევისთვის.

ასევე ნახეთ

ვიდეომიმართვის გამო სუსმა ზვიად კუპრავა დააკავა

პროკურატურის თანახმად, ზვიად კუპრავამ 2025 წლის 30 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, „რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს განსახორციელებელ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა. ასევე, ბრალდებულმა 1 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია“.

ზვიად კუპრავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის 1 ოქტომბერს დააკავა ფეისბუკში წინა დღეს გამოქვეყნებული ვიდეომიმართვის გამო.

კუპრავას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი:

  • 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა);
  • 317-ე მუხლით (ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება).
  • 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
  • ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.