აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 29 ივნისს განაცხადა, რომ ირანმა "შეხვედრა ითხოვა" და რომ მოლაპარაკება მომდევნო დღეს გაიმართება, კატარის დედაქალაქ დოჰაში.
ტრამპის ამ შინაარსის პოსტის სოციალური მედიით გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანის ოფიციალურმა პირმა უარყო ის, რომ ტექნიკური მოლაპარაკებები ამ კვირაშია დანიშნული. ეს მოლაპარაკება შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ომის დასრულებაზე მიმართული ჩარჩოს მისაღწევად.
გასულ შაბათ-კვირას აშშ-მა და ირანმა ურთიერთდარტყმები გაცვალეს, დაძაბულობის ხელახალი ესკალაციისას.
"ირანმა შეხვედრა ითხოვა. ის ხვალ გაიმართება დოჰაში! - წერს ტრამპი თავისი სოციალური ქსელით Truth Social.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კაზემ ღარიბაბადიმ 29 ივნისს, მანამდე თქვა, რომ ტექნიკური სამუშაო ჯგუფი მიმდინარე კვირაში შეხვედრის გამართვას არ გეგმავს.
"იმის მიუხედავად, რომ კატართან კონსულტაციები ჩვეულებრივად გრძელდება - მათ შორის მეორე მხარის ვალდებულებების შესრულების გარშემო - გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები, რომ სამუშაო ჯგუფების ტექნიკური მოლაპარაკება დოჰაში გაიმართება, ვერ იქნება დადასტურებული" - უთხრა ღარიბაბადიმ ირანის სააგენტო Tasnim-ს.
მისი თქმით, ტექნიკური მოლაპარაკების პირველი რაუნდი უნდა გაიმართოს სამუშაო ჯგუფების ფორმატში, მას მერე, რაც პირობები დაკმაყოფილდება და შეთანხმება შედგება თარიღსა და ადგილზე.
ამ განცხადებებამდე ირანმა თქვა, რომ უარს ამბობს აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც 28 ივნისს უნდა გამართულიყო - და ამის მიზეზად დაასახელა აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშები, რომლებიც, ირანის შეფასებით, არღვევს ახლახან გაფორმებულ, ურთიერთგაგების მემორანდუმს.
"ერთ-ერთი მიზანია იმის შემოწმება, გვაქვს თუ არა წვდომა გათავისუფლებულ სახსრებთან. თუ წვდომა არ გვაქვს, მაშინ ეს პირობა შესრულებული არ არის" - ამბობს მეჰდი ფაზაელი, ირანის უზენაესი ლიდერის ოფისის წარმომადგენელი.
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა 29 ივნისს განაცხადა, რომ ირანის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება, რომელიც ახლა კატარშია, თეირანს დაუბრუნდება. თუმცა აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დრომდე ირანის ქონება გათავისუფლებული არ არის.