„აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“, - ასე ასაბუთებს პარლამენტის აპარატის უფროსი გადაწყვეტილებას და წესის დარღვევის დასტურად 27 ივნისს „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტი მოჰყავს.
ამ დღეს ეთერში გასული სიუჟეტით ნატა ქაჯაია მაყურებელს უყვებოდა პარლამენტის წევრებისა და მინისტრების ცოლების სამსახურებზე.
ივნისში ტელეარხმა პარლამენტიდან კიდევ ორი მსგავსი წერილი მიიღო. აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერეს მაკა ჩიხლაძეს, მაკა ანდრონიკაშვილს კი 1 თვის ვადით.
შეზღუდვები ჟურნალისტებისთვის
პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაამტკიცა. დოკუმენტი 2023 წლის 1 მარტიდან მოქმედებს.
ამ წესების მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი უარს ამბობს კომენტარზე, ჟურნალისტი კი კითხვის დასმას მაინც განაგრძობს, ამისთვის მას შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შეზღუდვა დაუწესდეს.
პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესების დარღვევისთვის სანქციებია გათვალისწინებული - აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჟურნალისტს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდეს, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი - ექვსი თვით. მისი სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლება პარლამენტში დაუშვებელია.
ამ წესებით, მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ, განისაზღვრა აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა - ონლაინმედიისთვის ეს არის არაუმეტეს ოთხი ჟურნალისტისა.