აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპს არ მისცა ფედერალური სარეზერვო სისტემის საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპს არ მისცა ფედერალური სარეზერვო სისტემის საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება, 2026 წლის 29 ივნისი

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 29 ივნისს უარი თქვა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წევრის, ლისა კუკის გათავისუფლების უფლება მიენიჭებინა. ამავდროულად, სასამართლომ დაადასტურა პრეზიდენტის უფლებამოსილება სხვა დამოუკიდებელი უწყებების ხელმძღვანელთა დათხოვნის შესახებ. ამასთან, უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო არჩევნების დღის შემდეგ ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლა, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად ეწინააღმდეგებოდა.

სასამართლომ, 5-4-ზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაბლოკა ტრამპის განაცხადი, გამხდარიყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც გაათავისუფლებდა ფედერალური სარეზერვო სისტემის ოფიციალურ პირს - მას მერე, რაც კონგრესმა 1913 წელს ცენტრალური ბანკი შექმნა. სააგენტო Reuters-ის ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ინიციატივა იყო ერთ-ერთი ტრამპის მიერ მეორე ვადაში გადადგმულ ნაბიჯებს შორის, რომლებიც გამოცდის პრეზიდენტის უფლებამოსილების ზღვარს.

კუკის პოსტიდან გათავისუფლებას ტრამპი 2025 წლის აგვისტოში ცდილობდა, რის პასუხადაც კუკმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლებისთვის პრეზიდენტს სჭირდებოდა მყარი მიზეზის მოტანა. სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსმა განაცხადა, რომ ფინანსური მარეგულირებლის პოლიტიკური ზეწოლისგან დამოუკიდებლობას კანონი იცავს, ვინაიდან ფედერალური სარეზერვო სისტემის დამოუკიდებლობა ეკონომიკის სტაბილურობისთვისაა მნიშვნელოვანი.

ამავე დროს, ფედერალური სავაჭრო კომისიის წევრის, რებეკა სლოტერის 2025 წლის მარტში გათავისუფლების საქმეში სასამართლომ ტრამპის მხარე დაიჭირა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამას უწოდა "უზარმაზარი გამარჯვება", თუმცა დასძინა, რომ კუკის სარჩელის თაობაზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო "მხოლოდ პროცესუალური მიზეზებით". ტრამპი სოციალური ქსელით, Truth Social-ით წერს, რომ "დაუყოვნებლივ მიიღებს შესაბამის ზომებს".

გასულ კვირაში უზენაესმა სასამართლომ რესპუბლიკელ პრეზიდენტს იმიგრაციასთან დაკავშირებულ ორ საქმეში გამარჯვება მიანიჭა. მანამდე სასამართლომ არაერთხელ დაუჭირა მხარი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს სასწრაფო წესით მიღებული განჩინებებით; შედეგად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გასაჩივრებული დადგენილებების აღსრულება იურიდიული პროცესის პარალელურად ხდებოდა შესაძლებელი. თუმცა თებერვალში უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი მარცხი აგემა, როდესაც უარყო ის მასშტაბური ტარიფები, რომელთა გამოყენებასაც კანონი მხოლოდ საგანგებო ვითარებებში უშვებდა.

ასევე ნახეთ

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს სესიის ბოლოს სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მოსალოდნელი