ანექსირებული სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი აცხადებს, რომ ქალაქში დაიწყო ელექტროენერგიის როტაციული გათიშვა - ელექტროენერგიას ქალაქის ორ რიგად დაყოფილ რაიონებში მორიგეობით, დაახლოებით სამი საათის ინტერვალით თიშავენ.
რაზვოჟაევი აზუსტებს, რომ ეს ზომები აუცილებელია "ელექტროქსელების გადატვირთვის ლიკვიდაციისთვის" რეგიონის საზღვრებს მიღმა და ერთიან ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარიის პრევენციისთვის.
მანამდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 100-ზე მეტი ქუჩის და ათი მიმდებარე დასახლების მოსახლეობა.
ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში 26 ივნისს შემოიღეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, უკრაინის მხრიდან ნახევარკუნძულზე მიტანილი დარტყმების გაგრძელების ფონზე. ყირიმის რუსი მმართველი სერგეი აქსიონოვი აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს "ფინანსური, ფულადი, საკრედიტო შეთანხმებებისა და სხვა კავშირების მოსაწესრიგებლად", ასევე ზიანის ანაზღაურების პროცედურების გასამარტივებლად.
ყირიმსა და სევასტოპოლში მაისის ბოლოდანაა ენერგეტიკული კრიზისი - ნახევარკუნძულზე შეზღუდულად იყიდება საწვავი, რომლის ფასმაც სარეკორდო მაჩვენებლებს მიაღწია.
უკრაინა ყირიმზე დარტყმების მიზნად ასახელებს ნახევარკუნძულის ლოგისტიკურ იზოლაციას.