რუსეთმა დროებით დაკეტა სარკინიგზო გამშვები პუნქტები ფინეთთან, ესტონეთსა და ლატვიასთან

რუსეთის რკინიგზა(საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთმა დროებით დახურა ფინეთის, ესტონეთის და ლატვიის საზღვრებთან მდებარე სარკინიგზო-გამშვები პუნქტები. რუსეთის მთავრობას გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია.

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მიერ 30 ივნისს ხელმოწერილი განკარგულებით, 1 ივლისიდან „დროებით შეჩერდა პირების, სატრანსპორტო საშუალებების, საქონლის და ტვირთების მოძრაობა სარკინიგზო-გამშვები პუნქტების გავლით” საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე.

განკარგულებაში დასახელებულია ფინეთთან საზღვარზე მდებარე ხუთი გამშვები პუნქტი, რომელთაგან ერთი ქალაქ სანქტ-პეტერბურგშია, ორი ლენინგრადის ოლქში და ორი კარელიის რესპუბლიკაში და ესტონეთთან და ლატვიასთან საზღვრებზე მდებარე თითო-თითო პუნქტი ფსკოვის ოლქში.

განკარგულებაში მითითებული არ არის არც სარკინიგზო გამშვები პუნქტების დახურვის მიზეზი და არც ვადა.

  • ფინეთს რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ისედაც დაკეტილი აქვს 2023 წლიდან, როცა რუსეთი დაადანაშაულა ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებიდან ფინეთისკენ ლტოლვილთა მასშტაბური ნაკადების ორგანიზებაში. მოსკოვი ამას უარყოფდა.
  • უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიის ქვეყნებმა რუსეთთან საზღვრების დაცვა გააძლიერეს, თუმცა სახმელეთო საზღვარი სრულად არ დაუხურავთ და გარკვეული შეზღუდვები დააწესეს.