უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის ახალ თავდასხმას და ყველაზე რეალურ ვარიანტად განიხილავს შეტევას რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან უკრაინის ჩერნიგოვის ოლქზე.
გენერალმა სირსკიმ ტელეკომპანია ТСН-თან ინტერვიუში, რომელიც ეთერში 30 ივნისს ღამით გავიდა, განაცხადა, რომ პუტინმა რუსეთის გენერალურ შტაბს დაავალა ახალი შეტევითი ოპერაციების სხვადასხვა ვარიანტის განსაზღვრა, მათ შორის ბელარუსიდან, კიევისა და სხვა ტერიტორიების დაპყრობის მიზნით.
- რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია პლაცდარმად გამოიყენა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებისას.
ასევე ნახეთ
რუსეთის სხვადასხვა უწყება ოქტომბერში მეორე მობილიზაციისთვის ემზადება: "ამ დროისთვის ძალიან დეტალურად არის დამუშავებული საგზაო რუკა"უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანახმად, რუსეთის გენშტაბმა მოქმედების რამდენიმე ვარიანტი მოამზადა.
ოლექსანდრ სირსკი მიიჩნევს, რომ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ბელარუსის ხელისუფლება არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ქვეყნის ტერიტორია რუსეთს პლაცდარმად დაუთმოს, თუმცა უკრაინა ამ ვარიანტსაც ითვალისწინებს.
გენერალ სირსკის არ განუმარტავს, რას გულისხმობდა ბოლო მოვლენებში.
- ამ გაზაფხულიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთზე შეტევა გააძლიერეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე თავად რუსეთის სიღრმეში. სამხედრო საკითხების ექსპერტთა შეფასებით, უკრაინას უპირატესობა აქვს ე.წ. დამრტყმელი დრონებით მოქმედებაში.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: ბელარუსი უკრაინის საზღვრის გასწვრივ აშენებს საწყობებს და გზებსგენერალ სირსკის განცხადებით, გაცილებით რეალისტურია ახალი შეტევა ჩრდილოეთიდან, რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან უკრაინის ჩერნიგოვის ოლქზე, რასაც სხვადასხვა მონაცემიც ადასტურებს.
ასეთ შემთხვევაში, რუსეთი აქტიური საბრძოლო მოქმედებების ახალი მონაკვეთის გახსნით შეეცდება, რომ უკრაინამ თავდაცვის ძალების ნაწილი აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ჩერნიგოვისკენ მიმართოს და ფრონტის ხაზი გაზარდოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ინფორმაციით, ამ ვარიანტისთვის ემზადებიან.
ასევე ნახეთ
ლუკაშენკა ცდილობს, ბელარუსს ომი აარიდოს ზელენსკის ულტიმატუმის შემდეგ- 19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ბელარუსი ერთ კვირაში არ აიღებს უკრაინის საზღვრის მახლობლად განთავსებულ რეტრანსლატორებს, რომლებიც რუსეთს დრონების მართვაში ეხმარებიან, ამას თავად უკრაინა გააკეთებს.
- 24 ივნისს ზელენსკიმ მედიას უთხრა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე რეტრანსლატორების მუშაობა შეწყდა.
- უკრაინის ულტიმატუმიდან ერთ კვირაში, 26 ივნისს ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ალიაქსანდ ლუკაშენკა რუსეთში ჩავიდა და პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკება გამართა ვალდაის რეზიდენციაში. რუსეთის სახელმწიფო მედიას ლუკაშენკას ეს ვიზიტი ფართოდ არ გაუშუქებია.
- 29 ივნისს კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პუტინმა და ლუკაშენკამ განიხილეს „სტრატეგიული საკითხები“, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებას, „ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან დაძაბულობის ესკალაციას“ და „ბელარუსის პროვოცირების მცდელობებს“.