Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა ცდილობს, ბელარუსს ომი აარიდოს ზელენსკის ულტიმატუმის შემდეგ

ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ასტანა, 29 მაისი, 2026.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ასტანა, 29 მაისი, 2026.

ბელარუსის ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა დანის პირზე გავლას ლამობს - ის ცდილობს, არ დაუშვას ბელარუსის ჩათრევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას წაუყენა ულტიმატუმი, რომელშიც მინიშნება იყო უკრაინის სამხედრო ან ფარულ ოპერაციებზე.

ლუკაშენკამ, რომელიც 1994 წელს პრეზიდენტად პირველად არჩევიდან მოყოლებული ათწლეულების განმავლობაში მართავს ბელარუსს რკინის ხელით, რუსეთს ნება დართო, მისი ქვეყანა პლაცდარმად გამოეყენებინა ჯარებისთვის, როცა მათ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყეს 2022 წელს.

მაგრამ შემდგომ წლებში მკვეთრი პრორუსული განცხადებების მიუხედავად, ის ამავე დროს ცდილობს, შეინარჩუნოს ბელარუსის ნეიტრალური, არამებრძოლი სტატუსი. ზელენსკის ულტიმატუმი ამ პოზიციას ზეწოლის ქვეშ აქცევს.

„ლუკაშენკას ესმის, რომ მისი პოზიცია დაუცველია. უკრაინა კი ძალის პოზიციიდან ლაპარაკობს,“ თქვა კრაკოვში მდებარე ანალიტიკური ცენტრის, კოსციუშკოს ინსტიტუტის დირექტორმა ვადიმ მოჟეიკომ.

უკრაინამ იპოვა ის ენა, რომელზეც უნდა ელაპარაკო ლუკაშენკას მსგავს დიქტატორს,“ უთხრა მან „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ 22 ივნისს.

რა თქვა ზელენსკიმ?

19 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში მდებარე სარეტრანსლაციო სადგურებს იყენებს თავისი რაკეტების დასამიზნებლად უკრაინაში სამიზნეებზე.

„რა აზრი აქვს [ლუკაშენკასთვის] იმის თქმას, რომ ომში მონაწილეობა არ სურს? მოაშოროს ეს დანადგარები, გამორთოს ისინი. ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისია ამის გასაკეთებლად,“ თქვა მან და დასძინა: „თუ ის ამას არ გააკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ“.

ზელენსკიმ ამის შემდეგ სოცქსელებსა და ტელეინტერვიუში გაიმეორა მოქმედებისკენ მოწოდება და შეფარული მუქარა შეუსრულებლობის შემთხვევაში.

მან 21 ივნისს იმავე ინტერვიუში თქვა, რომ თავის შეტყობინებაზე პასუხი არ მიუღია ლუკაშენკასგან, რომელმაც ასევე თავი შეიკავა ამ საკითხზე რაიმე საჯარო განცხადებებისგან.

ვალერი კავალეუსკიმ, ყოფილმა ბელარუსმა დიპლომატმა, რომელიც ხელმძღვანელობს Euro-Atlantic Affairs Agency-ს, რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს უთხრა, რომ ეს მდუმარება ლუკაშენკას გრძელვადიან პოლიტიკას ასახავს.

„ეს ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მიზანთა შორის, რომლებიც აერთიანებს როგორც ბელარუსის მთავრობას, ისე დემოკრატიულ ოპოზიციას დევნილობაში: სამხედრო კონფრონტაციის არიდება და კონფლიქტში ბელარუსის პირდაპირი მონაწილეობის თავიდან აცილება,“ თქვა მან.

„ბელარუსის რეჟიმს შედარებით თანმიმდევრული მიდგომა აქვს არა მხოლოდ უკანასკნელ დღეებში, არამედ უკანასკნელი თვეების განმავლობაში. კიევის მიერ მინსკის მისამართით გამოთქმული მწვავე და კონფრონტაციული განცხადებები მნიშვნელოვანწილად უპასუხოდ დარჩა, რამაც ხელი შეუწყო სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან აცილებას,“ დასძინა მან.

მოჟეიკო ეთანხმება მოსაზრებას, რომ ლუკაშენკას „არ სურს ომი“, და დასძენს, რომ ეს შიდაპოლიტიკურ ზეწოლასთან არის დაკავშირებული.

„მიზეზი არის არა პუტინის ან ლუკაშენკას მხრიდან (ომის) სურვილის არქონა, არამედ ის, რომ ომში ჩართვა უკიდურესად არაპოპულარული იქნებოდა ბელარუსის საზოგადოებაში. ეს საკვანძო მნიშვნელობის ფაქტორია: ბელარუსის საზოგადოება და არა დიქტატორი“, თქვა მან.
„ლუკაშენკას ესმის, რომ მრავალი თვალსაზრისით ეს მისთვის თვითმკვლელობის სცენარი იქნებოდა“.

ლუკაშენკას არამყარი მდგომარეობა

ლუკაშენკა სახალხო უკმაყოფილების მრავალ ტალღას გადაურჩა თავისი ავტორიტარული მმართველობის ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ შეიძლება არცერთი არ ყოფილა ისეთი მძიმე, როგორც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

როცა ის გამარჯვებულად გამოაცხადეს, ამან ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია უპრეცედენტო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომელთა ჩახშობა მხოლოდ პუტინის დახმარებით მოხერხდა. კრემლმა ლუკაშენკას რეჟიმს არა მხოლოდ ფინანსური დახმარება შესთავაზა, არამედ ასევე მიანიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები შეიძლებოდა ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ტელეწამყვანებიც კი გაგზავნა ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხებზე სამუშაოდ მას შემდეგ, რაც საპროტესტო გამოსვლებს შეუერთდა ზოგიერთი ადგილობრივი თანამშრომელი.

ეს დახმარება მოვიდა ლუკაშენკას მიერ საპროტესტო გამოსვლების სასტიკად ჩახშობის ფონზე, რასაც თან ახლდა ხალხის მასობრივი ცემა, ათასობით ადამიანის დაპატიმრება და პოლიტიკური ოპონენტების წამება. და ამან ლუკაშენკა თავისი ძალაუფლების შენარჩუნების საკითხში შესაძლოა უფრო მეტად დამოკიდებული გახადა პუტინზე, ვიდრე ოდესმე.

როგორც უკვე ითქვა, ლუკაშენკამაც დაუმადლა, როცა რუსეთის ტანკები უკრაინაში შევიდნენ 2022 წლის თებერვალში, თუმცა შეეწინააღმდეგა მოწოდებებს, რომ ბელარუსი საკუთარი ჯარებით ჩართულიყო საქმეში.
გარკვეული თვალსაზრისით ეს გაგრძელება იყო ქცევის მოდელისა, როცა ლუკაშენკა ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა წონასწორობის დაცვას ორ რამეს შორის - რომ საკუთარი ქვეყანა დასავლეთის მიმართ გაეხსნა და, მეორე მხრივ, დაჰყოლოდა მოსკოვის ზეწოლას უფრო მჭიდრო ინტეგრაციის თაობაზე.

მას შემდეგ, რაც დრონებით ომი სულ უფრო ინტენსიური გახდა, ამან ახალი გამოწვევა წარმოშვა. ვინაიდან რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები მოძრაობდა ბელარუსის საჰაერო სივრცეში, მინსკს უნდა გადაეწყვიტა, ჩამოეყარა ისინი, ჩაეხშო, გაეფრთხილებინა მეზობლები, თუ ყველაფერი ზემოჩამოთვლილი ერთად გაეკეთებინა და ისე, რომ არ გაეღიზიანებინა მოსკოვი.

სარეტრანსლაციო სადგურების თაობაზე ზლენსკის ულტიმატუმი კიდევ უფრო ართულებს წონასწორობის შენარჩუნების პოლიტიკას.

„ლუკაშენკასთვის ვითარება ძალზე უხერხულია,“ თქვა მოჟეიკომ, რომლის თქმითაც, რთულია უკრაინის მოთხოვნების დაკმაყოფილება ისე, რომ არ აწყენინოს მოსკოვს, მაგრამ ასევე რთულია ესკალაციის თავიდან აცილება და კონფლიქტში ჩართვის არიდება.

„მისი ვერ შეგშურდება. იოლი გადაწყვეტილებების წინაშე არ იმყოფება. აი, რატომ დუმს იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში,“ დასძინა მოჟეიკომ.
ამ დუმილს მოსკოვშიც აკვირდებიან. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 22 ივნისს განაცხადა, რომ პუტინი და ლუკაშენკა ისაუბრებენ „ახლო მომავალში“ და „ეს კარგი შესაძლებლობაა ამ და სხვა საკითხების განსახილველად“.

ესკალაციისთვის თავის არიდება

მოსკოვი შეიძლება მიესალმოს ბელარუსის წინააღმდეგ უკრაინის მოქმედებას და ეს განიხილოს კონფლიქტში მინსკის კიდევ უფრო ჩათრევის შესაძლებლობად.

ეს უთუოდ სერიოზული ესკალაცია იქნებოდა ევროპაში უამისოდაც უდიდეს შეიარაღებულ კონფლიქტში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და არ იქნებოდა სასურველი ვაშინგტონში ან ევროპის დედაქალაქებში.

ტრამპის ადმინისტრაცია შეეცადა, გაეუმჯობესებინა ურთიერთობები ლუკაშენკასთან, რომელსაც პუტინთან კავშირის არაოფიციალურ არხად მიიჩნევდა. ასევე მან სამხედრო დახმარება შეუმცირა უკრაინას და კიევზე ზეწოლას შეეცადა, რათა ის კომპრომისებზე წასულიყო რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ. ბელარუსის წინააღმდეგ უკრაინის ნებისმიერი მოქმედება შეიძლება ვაშინგტონის მხრიდან დაგმობილ იქნეს როგორც უგუნური და, შესაძლოა, როგორც აგრესიული.

ევროპის ქვეყნები უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები რჩებიან და მას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ. სავარაუდოდ მათაც აღაშფოთებს უკრაინის მხრიდან ცალმხრივი დარტყმა.

„საჭიროა დეესკალაცია ყველა მხრიდან, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინის დარტყმების თავიდან აცილება. ამავე დროს ლუკაშენკას რეჟიმს, შესაძლოა, მოუწიოს, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს და უფრო გულდასმით შეისწავლოს შიშები, რომლებიც დაკავშირებულია დრონების ინფრასტრუქტურასთან,“ თქვა კავალეუსკიმ.

„ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები ალბათ მონაწილეობას მიიღებენ არაფორმალურ კონსულტაციებში, რომელთა მიზანი იქნება, ხელი შეუშალოს კონფლიქტის გაფართოებას და მის გადაზრდას უფრო ფართო რეგიონულ კონფრონტაციაში,“ დასძინა მან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG