Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ბელარუსი უკრაინის საზღვრის გასწვრივ აშენებს საწყობებს და გზებს

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ბელარუსი, რუსეთის გავლენით, ამზადებს ინფრასტრუქტურას, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გაფართოებისთვის.

ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვას აქვს ცნობები უკრაინა-ბელარუსის საზღვრის გასწვრივ გზების, საბრძოლო და აალებადი მასალების საწყობების მშენებლობის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევმა მინსკს უკვე გადასცა "საჭირო სიგნალები" და ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდა უარი თქვას მოქმედებებზე, რომლებიც ომის გაჭიანურებას და გაფართოებას უწყობს ხელს.

აპრილის შუა რიცხვებში ზელენსკი აცხადებდა ბელარუსის ტერიტორიაზე საომარი აქტიურობის ზრდაზე და გამოთქვამდა ვარაუდს, რომ რუსეთი, შესაძლოა, შეეცადოს მინსკის ჩათრევას ომში. ივნისში გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ კრემლმა გაზარდა ზეწოლა ბელარუსზე, რათა მან უფრო იაქტიუროს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მანამდე ზელენსკი ასევე ითხოვდა საზღვრის გასწვრივ რეტრანსლატორების დემონტაჟს - მისი თქმით, ეს მოწყობილობები რუსეთის დარტყმების კორექციისთვის იყო გამოყენებული. 24 ივნისს ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ რეტლანსლატორებმა შეწყვიტა მუშაობა.

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა თავის მხრივ აცხადებს, რომ ახლახან მინსკში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლებს. მისი თქმით, მან ითხოვა ზელენსკისთვის გადაეცათ, რომ ბელარუსის ომში ჩათრევის მცდელობას მოჰყვება "ომის ხარისხის მყისიერი ცვლილება". ლუკაშენკა ირწმუნება, რომ მიიღო პასუხი, რომლის მიხედვითაც უკრაინას "ეს ესმის".

ლუკაშენკა აცხადებს, რომ ბელარუსს უკრაინასთან ომი არ სურს და მას ომში ვერ ჩაითრევენ, თუმცა ის "ნებისმიერ ვითარებაში რუსეთის გვერდით იქნება".

ფორუმი

XS
SM
MD
LG