მასწავლებელ ავალიანის საქმეზე დაკავებული შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილია

გიგა ავალიანი.

ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი არასრუწლოვანი დააკავა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟია.

მერაბ მალანია შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2016-2019 წლებში იკავებდა.

დაკავებულის ბიძამ, კოტე ალანიამ „TV პირველს“ უთხრა, რომ პოლიცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იყო მისული.

„იქ დაადგნენ ბავშვს თავზე და დაიჭირესო. ალბათ გუშინ დააკავეს. ერთადერთი ზარის გამო შეიძლება ბავშვი ციხეში 15 წლით ჩაჯდეს? გამოკითხვაზე იყო ბევრჯერ აქამდე, დაკითხეს პროკურატურაში და არაფერი არ იყო მის წინააღმდეგ და არ ვიცი, რომ ასე შეტრიალდა საქმე“, - ამბობს დაკავებულის ბიძა, კოტე მალანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მასწავლებელ ავალიანის საქმეზე დაკავებულს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - ამ მუხლით, პირი, რომელმაც იცის, რომ ნამდვილად მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და პოლიციას არ შეატყობინებს, სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„დგინდება, რომ ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა“, - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავალიანის საქმეზე ახალი დაკავებულის შესახებ დღეს, 1 ივლისს ისაუბრა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ. მას ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა მიანიშნა, რომ ის არის პირი, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი.

ასევე ნახეთ

სახელმწიფო დაცვის სამსახური დრონების საწინააღმდეგო სისტემებს შეიძენს - მდინარაძე

გიგა ავალიანის საქმე

მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული. ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.


ასევე ნახეთ

ვის მიუსაჯეს პატიმრობა და რატომ? - ყველაფერი, რაც გიგა ავალიანის საქმეზე ამ დრომდე ვიცით

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.